მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი აგრძელებს „სკოლა-ბანკის“ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის

ეროვნული ბანკი
10.09.24 17:20
307
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.

„სკოლა-ბანკის“ პროექტი 2 ეტაპიანია და გულისხმობს: პირველ ეტაპზე მასწავლებლების ფინედუს ტრენინგში ჩართულობას და შემდეგ სკოლაში მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის“ 15-გაკვეთილიანი კურსის ჩატარებას.

„სკოლა-ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მარტივად, მოზარდებისთვის მისაღები ენითა და სახალისო ფორმატითაა გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.

მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი ეროვნულ ბანკში, 5-6 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ტრენინგზე განხილული იყო ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი, რომელიც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის, დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.

ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილე მასწავლებელს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა 11 ნაკადს უმასპინძლა და 200-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები