მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ბანკებს კაპიტალის ბუფერების მაქსიმალური შენარჩუნებისკენ მოუწოდებს - პაპუნა ლეჟავა

6154336accddf
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 13:54
810
"საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს კაპიტალის ბუფერების მაქსიმალური შენარჩუნებისკენ მოუწოდებს", - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების მიერ დასმული იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და ბანკების მიერ შუალედური დივიდენდების გაცემის დაანონსებას შეეხებოდა.

პაპუნა ლეჟავას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბანკებმა პანდემიის პერიოდში მოგების განაწილებისგან თავი შეიკავონ, სებ-ი ცალსახად იზიარებს.

„კოვიდ-პანდემიის ეფექტი სრულად ამოწურული არ არის და რისკები კვლავ რჩება, შესაბამისად, მოვუწოდებთ ბანკებს შესაძლო რისკების გადასაფარად კაპიტალის ბუფერები მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის კაპიტალის ბუფერები საკმაოდ კარგად არის აღდგენილი, რასაც ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებამ და ბანკების მოგებიანობის ზრდამ.

რამდენიმე ბანკმა ჩვენ მიერ დაწესებულ ვადაზე ადრე აღადგინა კაპიტალის მოთხოვნები; ამის შესაძლებლობა მათ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიეცათ, ხოლო 2022 წლის განმავლობაში ველით, რომ ფინანსური სექტორი კრიზისამდე არსებულ კაპიტალის ბუფერებს დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ჩვენი ინსტრუქციის შესაბამისად იმ ბანკებმა, რომლებმაც კაპიტალის შეღავათებით ისარგებლეს, შეზღუდეს და გააუქმეს დივიდენდების გაცემა, ინვესტიციების განხორციელება და მენეჯმენტზე ბონუსების განაწილება. 2021 წლის განმავლობაში ბანკები ამ საკითხებთან დაკავშირებით სიფრთხილეს კვლავ ინარჩუნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბანკის მიერ დივიდენდების გაცემა დაანონსდა, ის მოცულობით ნახევარწლიური დივიდენდია და შესაბამისად, კაპიტალის მოთხოვნებს ნაკლებად დააწვება“, - განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები