საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სებ-ის მიზანია დეველოპერული სექტორის შიდა განვადებების სისტემა თანდათანობით იპოთეკური სესხებით ჩანაცვლდეს. სებ-ში ამჟამად ბანკებთან, საბანკო ასოციაციასთან და ბიზნესასოციაციასთან კომუნიკაციით, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წესების შესახებ მსჯელობენ.
ცვლილებებმა, ერთი მხრივ, თავად დეველოპერული კომპანიებისთვის უნდა გააფართოოს საბანკო საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, ეტაპობრივად შიდა განვადებები იპოთეკური სესხებით ჩანაცვლდეს.
"მიმდინარეობს მუშაობა უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიების დაფინანსების წესის განახლებაზე, რაც მათ შორის მოიცავს მსესხებლის ადეკვატურ თანამონაწილეობას კაპიტალის სახით და აღნიშნულ სექტორზე იპოთეკური სესხების გაცემის მიმართულებას. იდგმება ნაბიჯები რომელიც ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შიდა განვადებების იპოთეკებით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების გათვალისწინებით მომხმარებელთა უფლებები მეტად იქნება დაცული. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის მდგრად განვითარებას, ასევე იპოთეკის მომხმარებლების უკეთ დაცვას, ვიდრე ეს შიდა განვადებებისას ხდება,"- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
როგორც ირკვევა, დეველოპერების მიერ შიდა განვადებების გაცემა დაკავშირებულია თავად დეველოპერული კომპანიების კაპიტალის მოზიდვის წესებთან. საუბარია ნორმების ერთობლიობაზე, რომლებიც დეველოპერებს თუკი ისინი კაპიტალის მოზიდვის მხრივ კონკრეტულ პარამეტრებს ჩამორჩებიან საბანკო დაფინანსების მიღებას უზღუდავენ. აქედან გამომდინარე, დეველოპერები შიდა განვადებების გაცემაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ, რათა კაპიტალი ამ არხიდან მიეღოთ. თუმცა, თუკი ბანკებს სებ-ი შეუცვლის დეველოპერების დაფინანსების წესებს, ამ შემთხვევაში უძრავი ქონების დეველოპერებს კომერციული ბანკებისგან პროექტების დასაფინანსებლად უფრო მეტი თანხის მოზიდვა შეეძლებათ. იპოთეკური სესხების მიმართულებით კი როგორც ირკვევა, თუკი კომპანია მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობით 60%-ზე მეტს არ აითვისებდა, მის პროექტში იპოთეკური სესხებით მოზიდულ თანხას ვერ იღებდა, რადგანაც აღნიშნულ თანხას ბანკები საკუთარ ანგარიშზე ინახავდნენ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის ცვლილებები, რომლებიც ეროვნულ ბანკთან ერთად განიხილება დეველოპერული სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
"ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუ პროექტის დეველოპერის მხრიდან 30%-ზე ზემოთ არ იყო სააქციო კაპიტალი, მაშინ ბანკების მხრიდან დაფინანსების საკითხი ცოტა გართულებული იყო დეველოპმენტის ნაწილში და მეორე იყო გაყიდვების ნაწილში, როდესაც იპოთეკური სესხით ხდებოდა ბინის ყიდვა, ეს თანხა იკიდებოდა, ასე ვთქვათ, მოდი საბანკო ანგარიშზე და სანამდე პროექტი არ დასრულდებოდა, მანამდე ეს თანხა არ უბრუნდებოდა.
აქ ლაპარაკია შეკრულ პროექტზე, რომელიც არ იყო იმაზე. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, განსაკუთრებით მეორე ნაწილში, იმიტომ, რომ კომპანიები, რომლებსაც წვდომა არ ჰქონდათ იპოთეკურ სესხებზე, მათ პირდაპირ ჰქონდათ ბიძგი იმისკენ, რომ შიდა განვადებით გაეცათ და რეალურად სექტორში ხდებოდა რისკის კონცენტრაცია.
ეს შემსუბუქება ეროვნული ბანკის, რომ თუკი კომპანია პროექტში დახარჯავს ხარჯების არანაკლებ 60%-ს, წვდომა მას ეხსნება იპოთეკურ სესხების მიერ აკუმულირებულ თანხაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ მას საკუთარი სააქციო კაპიტალი 30%-ზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეს, მე მგონი ეს არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს ფინანსების მოზიდვას,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ის პროექტი, რომელიც ამჟამად სებ-თან მუშავდება პროექტი, რომელიც დეველოპერებისთვის საკრედიტო დაფინანსების მიღებას ამარტივებს.
"მშენებლობის სექტორის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ მუშავდება ახალი პროცედურა და ახალი ინსტრუქცია. დღეის მდგომარეობით არსებობს ახალი მითითებები, რომელიც უშუალოდ ამცირებს ავანსის მოთხოვნას, იპოთეკის ამღების ანუ მსესხებლისთვის, რაც ამარტივებს უფრო სესხის გაცემას. მნიშვნელოვანი არის ცალსახად, რომ ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით გამარტივებაზე მიდის საუბარი ეროვნული ბანკის მოთხოვნების კუთხით,"- აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.




























