მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

5ecfabb31041e
BM.GE
28.05.20 16:13
895
ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ცენტრალური ბანკი სინფორმაციით, მათთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება დაამტკიცა. რეგულირების ლაბორატორია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შიდა ტესტირებების შემდეგ, რეალურ რეჟიმში, გამოსცადონ თავიანთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

დებულება სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ბაზარზე გამოცდის და სწრაფი დანერგვის ხელშეწყობას, პოტენციური სისტემური რისკების დროულ იდენტიფიცირებას, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაძლო ცვლილებების საჭიროების გამოკვეთას ისახავს მიზნად.

რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას. თითოეულ ეტაპზე ტესტირების მარტივად შეწყვეტა უნდა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ინსტრუმენტებში ასახვის საკითხს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე ალტერნატიული, დისტანციური და უკონტაქტო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რეგულირების ლაბორატორია ფინანსურ სექტორს საშუალებას აძლევს მოახდინოს სერვისების მიწოდების არხების სწრაფი დივერსიფიცირება, რათა არ შეფერხდეს ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაიზარდოს მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრადობა და სტაბილურობა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა განიხილოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების განაცხადები ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. განმცხადებელს შეუძლია ეროვნულ ბანკს ზედამხედველის საშუალებით მიმართოს. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ფინანსური ინოვაციების ოფისს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დებულება კი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები