მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი: პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა

5eb12132d68df
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.20 12:17
817
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ამოქმედებულმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში 0.6 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. სებ-ის განცხადებით, ამ სისტემის შედეგად სასესხო ბაზარზე საგრძნობლად შეიცვალა ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი. კერძოდ კი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ეს ტემპი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ბიზნეს სექტორის მიმართულებით კი ის 7.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. სებ-ის შეფასებით, სწორედ ბიზნეს სესხების დაკრედიტების ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე 0.6 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 აპრილიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში ცვლილებები შევიდა და 2019 წელს დამტკიცებული რეგულაციები გარკვეულწილად შერბილდა.

რა წერია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშში: 

"2019 წლის იანვარში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება იყო. აღნიშნული დებულება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ქვეყნის მახასიათებლებს ითვალისწინებს. რეგულაციის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა სესხი არ უნდა გასცეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის სათანადოდ შესწავლის გარეშე. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტებზე ზღვრები დააწესა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კოეფიციენტები მოთხოვნის მხარეზე მოქმედებს, ისინი როგორც მსესხებლების ჭარბი ვალის ტვირთისგან დაცულობას, ასევე ბანკების მდგრადობას უზრუნველყოფს

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შედეგად, საცალო სესხები ბიზნეს სესხებით ჩანაცვლდა, რამაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. 2019 წლის დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლების ტენდენციის შესაბამისია (ბოლო 3 წლის საშუალო ზრდა 17.5 პროცენტი იყო). თუმცა, სესხების ზრდის სტრუქტურა შეიცვალა. წინა წელთან შედარებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 8 პპ-ით, 9.6 პროცენტამდე, შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 7.8 პპ-ით, 24.3 პროცენტამდე, გაიზარდა სესხების აღნიშნულმა გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ბიზნეს სესხები მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის. ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შედეგად, დაკრედიტების სტანდარტი და პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა რისკიანი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა სესხის მომსახურების კოეფიციენტი 50 პროცენტზე მეტია. ასევე, გაუმჯობესდა პორტფელის ხარისხიც და უმოქმედო სესხების წილი დაახლოებით 1 პპ-ით შემცირდა. პორტფელის ხარისხი გაუმჯობესებულია როგორც იპოთეკურ, ისე სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებში. ასევე, საცალო დაკრედიტებაში თვეების მიხედვით გაცემული სესხების რაოდენობას თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს ახალ მოთხოვნებზე გადაწყობის შემდეგ, მომხმარებლების სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. კლება, ძირითადად, მოხდა მაღალპროცენტიანი, ე.წ. „სწრაფი“ და „ონლაინ“ სესხების ხარჯზე, რომელთა დეფოლტების დონე ცალკეულ შემთხვევებში 10 პროცენტს აღემატებოდა, რაც მოსახლეობის ფინანსური მოწყვლადობის მატერიალურ საფრთხეს წარმოადგენდა. შეზღუდვების ფონზე, დეფოლტების დონეს შემცირების ტენდენცია აქვს და უკვე არსებული მაჩვენებელიც კი მისაღებ ფარგლებშია. გარდა ამისა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ლარიზაცია, რასაც 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აკრძალვამაც შეუწყო ხელი. მთლიან პორტფელში ლარიზაცია, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 2.5 პპ-ით, ხოლო იპოთეკურ სესხებში 14 პპ-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციამ ხელი შეუწყო საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ხოლო საკრედიტო პორტფელის ვადიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. პორტფელის საშუალო ვადიანობა წინა წლების ტენდენციის შესაბამისად განაგრძობს ზრდას.

შინამეურნეობის ჭარბვალიანობის კუთხით ჯამში გასულ წელს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციის შედეგად დაიკლო ახალი სესხების დეფოლტების დონემ, მატერიალურად შემცირდა წინა წლებში დაგროვილი ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობაც. კერძოდ, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 31 დეკემბრისთვის 472,013 პირს უფიქსირდებოდა სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება, როდესაც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 785,267 პირს ჰქონდა პრობლემა. აქ ძირითად ფაქტორს წარმოადგენდა 2018 წლის ბოლოს განხორციელებული სესხების პატიების პროგრამა, რომელიც 615,164 მსესხებელს შეეხო. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ კლიენტების რაოდენობა, რომელთაც ვადაგადაცილება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდებათ და არ უფიქსირდებოდათ 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით, მხოლოდ 111,014-ს შეადგენს და უმეტესად წინა წლებში გაცემული სესხებიდან მოდის, რაც მნიშვნელოვანი შემცირებაა და რაც 2018 წლიდან ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ე.წ. პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ეტაპობრივად შემოღების შედეგია.

რომ შევაჯამოთ, აღნიშნულმა რეგულაციამ შეამცირა შინამეურნეობების ვალის ტვირთის ჭარბი ზრდა, უკეთესად დაიცვა მსესხებლები ფინანსური მოწყვლადობის რისკებისგან და გააუმჯობესა ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხი, იმ პირობებში, რომ მატერიალურად არ შეცვლილა მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და აგრეგირებულად მას ნეგატიურად არ უმოქმედია მიმდინარე საკრედიტო და ეკონომიკურ აქტივობაზე. ამავე დროს, საშუალოვადიან პერიოდში რეგულაცია ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას," - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები