მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის 50-მილიონიანი ოფისი აღარ აშენდება - 8779 კვ.მ ფართობის მიწა წინა მესაკუთრეს დაუბრუნდა

605a10fd70ca7
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.21 20:20
8156
ეროვნულმა ბანკმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკსა და რესტორან “არაგვს” შორის არსებული 8,779 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი მის წინა მესაკუთრეს - შპს “სითი ცენტრს” დაუბრუნა. შესაბამისად ადგილზე საქართველოს ეროვნული ბანკის 50-მილიონიანი ოფისი აღარ აშენდება. BMG-ის საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ ამის მიზეზი 2020 წლის დასაწყისში თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მთავრობამ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის მოწონებაზე უარი თქვა.

“2019 წლის 26 ივლისს ეროვნულ ბანკსა და შპს „სითი ცენტრს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 თვის ვადაში ვერ მიიღებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის ნებართვას, ქონება დაუბრუნდებოდა გამყიდველს თავისივე ხარჯით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 19 თებერვლის N20.179.212 განკარგულების თანახმად, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.15.03.002.033) საზოგადოებრივ-საქმიანი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებას. ხელშეკრულების თანახმად, ქონების საფასურის გადახდა დამოკიდებული იყო უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან სათანადო ნებართვის მიღებაზე, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან თანხის გადახდა არ განხორციელებულა და ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყო ქონების გამყიდველისათვის დაბრუნების პროცესი და შესაბამისად, ქონება დაუბრუნდა გამყიდველს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

ეროვნულმა ბანკმა ახალი შენობის აუცილებლობაზე განცხადება 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა. სებ-ის ინფორმაციით, დღეისთვის ორგანიზაცია დამატებით სამუშაო სივრცეს საჭიროებდა. ამჟამად ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის კომპლექსში არის განთავსებული, ამავე შენობაშია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროც თავმოყრილი.

ეროვნულმა ბანკმა კონკურსი საპროექტო დიზაინის შესყიდვის თაობაზე 2019 წლის ბოლოს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო და მასში წრიული ფორმის მქონე პროექტით კომპანია GLMV Architecture-მა გაიმარჯვა. 2019 წლის 28 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა კომპანიასთან 2,537,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მერიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, ხელშეკრულება გაუქმდა. არქიტექტურული პროექტის თანახმად, შენობის შიდა ფართობი 17,000 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო. მთლიანობაში პროექტის განვითარების ღირებულება, მათ შორის სამშენებლო და აღჭურვის სამუშაოები 50 მილიონ ლარამდე მოცულობით იყო შეფასებული.

2019 წლის 10 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკი ახალი შენობის მშენებლობისთვის გააკრიტიკა. გახარიამ თქვა, რომ გაცილებით ნაკლები დანახარჯებითაც არის მსგავსი ოფისის შექმნა შესაძლებელი.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის წინ მაღალი კლასის სასტუმროს და ბიზნესცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა, პროექტის დეველოპერი კი “ლოიალ კაპიტალთან” დაკავშირებული კომპანია იყო. საჯარო რეესტრის თანახმად, ეს მიწა ამჟამად "სითი ცენტრს" ეკუთვნის.

კომპანია GLMV Architecture-ის მიერ შექმნილი არქიტექტურული ნახაზები:







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები