მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის განმარტებით, სავალუტო ინტერვენციები რომ არა, შესაძლოა, [საარჩევნო] აჟიოტაჟი უფრო გამძაფრებულიყო

ეროვნული ბანკი

სავალუტო ინტერვენციები რომ არა, შესაძლოა, [საარჩევნო] აჟიოტაჟი უფრო გამძაფრდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი აცხადებს და სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდს, ერთჯერადი ტრანზაქციებს და მოლოდინების ეფექტს უკავშირებს.

„სავალუტო ინტერვენციები ჩვენი სტრატეგიის შესაბამისია. ლარის კურსი მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სტაბილურობისთვის. ჩვენს გადაწყვეტილებებს კი პრევენციული ხასიათი აქვს", - განაცხადა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, საარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ ვალუტას უკან დააბრუნებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეზერვების კვალავ შევსების შესაძლებლობას მისცემს.

„ანალოგიური პერიოდებისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული დროებითი დისბალანსის დასაკომპენსირებლად. როგორც გამოცდილება აჩვენებს, აჟიოტაჟური ეპიზოდის გადავლისა და უარყოფითი მოლოდინების მილევის შემდეგ ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ უცხოურ ვალუტას უკან აბრუნებენ. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

ოქტომბერში სებ-მა სავალუტო აუქციონებით $173 მილიონი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წელზე მეტია

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იმაზე მეტ სავალუტო რეზერვს ყიდის, ვიდრე ეს ღია აუქციონებით ხდება ცნობილი. იგი მარეგულირებელს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მოქმედებებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, განუმარტოს მოქალაქეებს - რატომ ყიდის ამ მოცულობის რეზერვებს.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები