ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მათი მიზანი დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებაა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ეკონომიკური ზრდა. ასე უპასუხა გვენეტაძემ კითხვას, რომელიც გამკარებული მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ეხებოდა.
“ბოლო პერიოდის პროგნოზი, გარკვეულწილად უკვე მოიზრებდა მონეტარული პოლიტიკის დამატებით ამ ზომით გამკაცრებას. მოგეხსენებათ, საკრედიტო აქტივობა მოსალოდნელზე უფრო მაღალი ზრდით გაგრძელდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას 2021 წლის ზრდაზე ვერ მოახდენს და ვფიქრობ, რომ ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი დაბალი და სტაბილური ინფლაციაა და მხოლოდ ამის შემდეგ თუ ეს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევას არ აფერხებს, ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობაა. ამ პრიორიტეტების დალაგება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებიდან მომდინარეობს, რომ გრძევადიან გარანტს საზოგადოებისთვის სწორედ დაბალი და სტაბილური ინფლაცია წარმოადგენს. მიმდინარე ინფლაცია მაღალია ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დაბალი მიზნობრივი მაჩვენებელი გვიბიძგებს ინფლაციის შემცირებისთვის მონეტარული პოლიტიკის გატარებას”, - აცხადებს გვენეტაძე.
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა.




























