მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მოთხოვნით, 2023-დან ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არანაკლებ 30% ქალი უნდა იყოს

62d1784f82a43
BM.GE
15.07.22 19:06
579
კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებსა და დირექტორატში გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წლიდან კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 33% უნდა იყოს დაკომპლექტებული განსხვავებული სქესის მქონე წევრებისგან, ხოლო 2025 წლიდან ეს მაჩვენებელი 40%-მდე უნდა გაიზარდოს. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობაზე გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნა თავდაპირველად 2018 წელს გაჩნდა და ის განსხვავებული სქესის წევრების რაოდენობას მინიმუმ 20%-ზე განსაზღვრავდა. ამასთან, სებ-ის თანახმად, ამჟამად ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების 30% ქალი წევრებით არის დაკომპლექტებული.

"გენდერული დივერსიფიკაციის მოთხოვნა (სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20%-ის განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტება), “კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ პირველად 2018 წელს გაჩნდა. ამ მოთხოვნის შემოღება ძირითადად სხვადასხვა კვლევას დაეფუძნა. აღნიშნული კვლევების თანახმად, გენდერულ დივერსიფიკაციასა და რისკიანობას შორის უარყოფითი ურთიერთკავშირია. კვლევის მიხედვით, ქალები, საშუალოდ, უფრო მეტად არიან რისკის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი, ვიდრე მამაკაცები (დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში; ჩანართი 3 - კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის პრინციპების მიმოხილვა).

2018 წელს კორპორაციული მართვის კოდექსში ჩადებული მოთხოვნის შედეგად:

2018 წლიდან დღემდე ქალ წარმომადგენელთა წილი სამეთვალყურეო საბჭოებში 21%-ით გაიზარდა;

ჯამურად, ქალ წარმომადგენელთა წილი (2022 წლის თებერვლის მდგომარეობით) 30% - ს შეადგენს, რაც დაწესებულ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ამ შედეგისა და უახლესი საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკებში კორპორაციულ კულტურის მიმართულებით გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესებას. კერძოდ, საკონსულტაციოდ გამოქვეყნებული ცვლილების მიხედვით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში განსხვავებული სქესის წილი არანაკლებ 33%-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა არანაკლებ 40%-ს. ამასთან, კოდექსს პირველად ემატება სარეკომენდაციო ჩანაწერი, ბანკების დირექტორატის შემადგენლობის მიმართ, რომლის მიხედვითაც, დირექტორატში სასურველია განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა არანაკლებ 33%-იანი წილი,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები