მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის საბჭოს წევრებს ანაზღაურება 10,400 ლარამდე კანონის მიღების გარეშე გაეზარდათ - აუდიტი

სებ

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო უფლება, განესაზღვრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა. თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება დღემდე არ მომხდარა. შედეგად, საბჭომ თავად მიიღო გადაწყვეტილება სარგოს ოდენობის დადგენაზე.

აუდიტის დასკვნის თანახმად, 2016 წელს სებ-ის საბჭოს მიერ დამატებითი სარგო 6,500 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2022 წლის ნოემბერში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან ეს ოდენობა 10,400 ლარამდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურის შეფასებით აღნიშნული ქმედება სამართლებრივად არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან პარლამენტს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი დადგენილება, მაინც ხაზგასმულია, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხის განსაზღვრა ევალება.

„მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 4 ამავდროულად აღმასრულებელ თანამდებობას იკავებს, 5 კი არააღმასრულებელი წევრია. 10,400 ლარის თანამდებობრივი სარგო სწორედ საბჭოს არააღმასრულებელ წევრებს აქვთ, ხოლო აღმასრულებელი წევრები უფრო მაღალ ანაზღაურებებს იღებენ, რაც სებ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა ამჟამად შემდეგია:

  • ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი
  • ეკატერინე მიქაბაძე – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • ეკატერინე გალდავა – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
  • ნინო ჯელაძე – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
  • თეიმურაზ ხომერიკი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
  • ნანა ყეინიშვილი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
  • ვახტანგ ბურკიაშვილი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
  • ოთარ შამუგია – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
  • ლევან ძნელაძე – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციით, რაც 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს ასახავდა, ნათია თურნავამ 183 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო. აღნიშნული ანაზღაურება მოიცავს ნათია თურნავას მიერ როგორც სებ-ის საბჭოს წევრის პოსტზე მიღებულ ანაზღაურებას, ასევე იმ ანაზღაურებას, რაც მან სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე მიიღო, რა თანამდებობაზეც საბჭომ 2023 წლის ივნისში აირჩია.

BMG-მ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით თუ შედგა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან კომუნიკაცია, რაზეც სებ-ში განმარტავენ, რომ მათ პარლამენტთან მუდმივად აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია, ხოლო ანაზღაურების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ გარდამავალი მუხლის შესაბამისად, რასაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ითვალისწინებს. ამ მუხლის თანახმად, იქამდე სანამ საქართველოს პარლამენტი მიიღებს სებ-ის საბჭოს წევრების ანაზღაურებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად სებ-ს აქვს.

"პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკს, მუდმივად აქვს მჭიდრო კომუნიკაცია პარლამენტთან სხვადასხვა საკითხზე და მოქმედებს კანონით განსაზავრულ ფარგლებში.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას საბჭოს წევრების თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია სებ-ის ორგანული კანონის გარდამავალი დებულებით და პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე დგინდება საბჭოს გადაწყვეტილებით.

აქედან გამომდინარე, სებ-ის საბჭომ ამ საკითხთან მიმართებაში იმოქმედა სამართლებრივად, დამატებით ავღნიშნავთ რომ აღნიშნულ საკითხს საბჭოს საქმიანობა არ შეუფერხებია,"- ნათქვამია სებ-ის პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები