მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად 0%-ზე დატოვა

61b08b595893e
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.21 14:54
504
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს ბანკების რეგულირებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის კონტრციკლური ბუფერის დონე უცვლელად, 0%-ზე შენარჩუნდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, კონტრციკლური ბუფერის შეცვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

“საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით, თუმცა აღსანიშნია, უცხოური ვალუტის სესხების მზარდი დინამიკა. სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ცხრა თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მაღალი იყო და 11.3% შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება („პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის" მიხედვით) მომდევნო პერიოდში გარკვეულწილად კონტრციკლური ბუფერის როლს შეასრულებს.

კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. ამასთან, გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკა, რაც ლარში საკრედიტო აქტივობას დამატებით ამცირებს და ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება", - წერს სები.

ეროვნულმა ბანკმა დღესვე 15 წლიდან 10 წლამდე შეამცირა უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა. ასევე ბანკების მიერ ლარის სესხების გაცემის წასახალისებლად, შეიცვალა მათი სავალუტო ბუფერის დათვლის წესი და ის მათი დაკრედიტების დოლარიზაციაზე იქნება დამოკიდებული.

ცვლილებები ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა ბანკებს რომელთაც კრედიტების მაღალი დოლარიზაცია აქვთ შეცვლილი ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მის შესავსებად 1-წლიანი ვადები მიეცემათ.

უკანასკნელი მდგომარეობით, საბანკო დაკრედიტებაში ლარის წილი გაზრდილია. 2021 წლის ოქტომბერში სექტორმა 3.27 მილიარდი ლარის ახალი სესხები გასცა. მათ შორის 2.16 მილიარდი ლარი, ანუ 66% ლარის სესხები იყო, 1.10 მილიარდი ლარი (33%) სავალუტო კრედიტებზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები