მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა მიკროსაფინანსო და სავალუტო ჯიხური 235 ათასი ლარით დააჯარიმა - მიზეზები

რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ენესენ გრუპი“ და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“ ჯამში 235 100 ლარით დააჯარიმა.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ენესენ გრუპი“ 153,600 ლარით დაჯარიმდა. მიზეზები შემდეგია:

  1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 19 ფაქტი - ჯარიმა 133,000 ლარი;
  2. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გამოვლენას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში - ჯარიმა 10 000 ლარი;
  3. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის 2 ფაქტი - ჯარიმა 600 ლარი;
  4. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ერთი ფაქტი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის ერთი ფაქტი - ჯარიმა 4 000 ლარი;
  5. ორ კლიენტთან მიმართებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ არ განხორციელებულა გარიგებებთან მიმართებით ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა - ჯარიმა 6 000 ლარი.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „ენესენ გრუპი“-ს მფლობელი და დირექტორი ზურაბი ნიკოლაძეა.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“ 81,500 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 25 ფაქტი - ჯარიმა სულ 50,000 ლარი;
  2. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 5 ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა - ჯარიმა 500 ლარი.
  3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 შემთხვევა - ჯარიმა 2,000 ლარი;
  4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 3 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, ანგარიშვალდებული პირის მიერ არ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, კერძოდ გარიგებებთან მიმართებით ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა - ჯარიმა 9,000 ლარი;
  5. შემოწმების პერიოდში ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით - ჯარიმა 20,000 ლარი.

სამეწარმეო ამონაწერით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი მახარე ჯამრიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები