Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვებას ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.
როგორც კუკავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში ბიზნესისთვის შეწონილი განაკვეთი 14%-ია, რაც მათ განვითარების საშუალებას არ აძლევს.
„ნამდვილად არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ 2 თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც კი მოუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაკვეთის შემცირებისკენ, არ მახსოვს ეს მანამდე როდის გააკეთა.
ჩვენი ამჟამინდელი განაკვეთი ეკონომიკურ ზრდას ზღუდავს, ნეიტრალური განაკვეთია 7%. არაერთხელ გვითქვამს რომ ეს 7% არც ასტიმულირებს და არც ზღუდავს ამ ზრდას, 8% კი უკვე ზღუდავს.
8%-იანი განაკვეთის პირობებში საშუალო შეწონილი კომერციული განაკვეთი 14%-ია, ამით სესხის აღება ბევრი ბიზნესისთვის იმდენად მძიმე ტვირთია, რომ ათასგვარ საშუალებას ვეძებთ კომპანიაში რომ იაფად მოვაზიდინოთ კაპიტალი. ამ განაკვეთით პირდაპირ არ ვაძლევთ უფლებას აიღონ სესხი და ეს ეროვნულმა ბანკმა კარგად უნდა გაიგოს.
რატომ არ აპროტესტებს ამას ბიზნესი? ამაზე მახსენდება თავშესაფარში გაზრდილი ბავშვი, რომელმაც არ იცის სითბო და სიყვარული. წლების განმავლობაში როგორც ის ბავშვი მიეჩვია თავშესაფარში ცხოვრებას, ისე მიეჩვია ბიზნესი ამ დამსჯელი საპროცენტო განაკვეთებით არსებობას.
რადგან სებს არ მოეთხოვება ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვა და მისი ერთადერთი მისიაა ფასების სტაბილიზაცია, ამას უნდა შევწიროთ განვითარება და ეკონომიკური ზრდა? ეს ზრდა რაც გვქონდა იყო ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული და კმაყოფილები ვართ მაგრამ არ ვფიქრობთ მერე რას ვაკეთებთ? რომ გვჭირდება იგივე განაკვეთის შემცირება ამის გაკეთება შეეძლო და აღნიშნავს თავადაც რომ ეს შესაძლებელი იყო. ამის ნაცვლად დეკლარირებულად არა, თუმცა გადაწყვეტილებებით ფაქტობრივად ამბობს, რომ მას არ აინტერესებს ეკონომიკური ზრდა.“ - განაცხადა კუკავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება 2024 წლის მაისის შემდეგ უკვე მეთორმეტედ განმეორდა.
სების შემდეგი გადაწყვეტილება 5 ნოემბერს გამოცხადდება.




























