"გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ეკონომისტმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, კონფლიქტის შედეგები უკვე იკვეთება, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ისე საქართველოს სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველო აქტიურად ვაჭრობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც კონფლიქტის ზონასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული, მათ შორის ირანთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან.
ამ ქვეყნებიდან იმპორტის საერთო მოცულობა ასობით მილიონ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებს, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ინდუსტრიული პოლიმერები, ტექნიკა და სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელი. შესაბამისად, ლოგისტიკური შეფერხებები, საზღვაო მარშრუტების რისკები და მიწოდების შესაძლო შეზღუდვები პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზე, პირველ რიგში კი ფასების ზრდისა და მიწოდების პრობლემების სახით.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ დამკვირვებლის როლში ვიყოთ და ვიფიქროთ, თითქოს 3000 კილომეტრით დაშორებული მოვლენები ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. ეს ასე არ არის. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შოკი და საომარი მდგომარეობა. სწორედ ამ ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერად აისახება ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე.
ეს გავლენა რამდენიმე არხის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავაჭრო ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც კონფლიქტთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. საქართველო საკმაოდ დიდი მოცულობით ვაჭრობს ირანთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და საუდის არაბეთთან. ამ სამ ქვეყანასთან იმპორტი ჯამში დაახლოებით 650 მილიონ დოლარს შეადგენს. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მცირე ჩანდეს, რადგან მთლიან იმპორტთან – დაახლოებით 18 მილიარდ დოლართან – შედარებით ეს მხოლოდ დაახლოებით 3.5%-ია, თუმცა რეალურად ეს მაინც მნიშვნელოვანი მოცულობაა. შედარებისთვის, ეს დაახლოებით საქართველოდან ექსპორტირებული ღვინისა და მინერალური წყლების საერთო მაჩვენებელს უტოლდება.“ - აცხადებს ლილუაშვილი.
კონფლიქტის ეკონომიკურ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს ენერგომატარებლების საერთაშორისო ფასების ზრდა. ნავთობის გაძვირება ტრანსპორტირების და ლოგისტიკის ხარჯებს ზრდის, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქციის ფასზე აისახება. არსებული ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკვე არსებობს გარკვეული ინფლაციური წნეხი, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტების მიმართულებით. შედეგად, გლობალური შოკი ადგილობრივ ეკონომიკურ გარემოში დამატებით გამოწვევას ქმნის.
„საქართველო ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ენერგომატარებლების იმპორტი დაახლოებით 2$ მლრდ-ზე ოდნავ მეტია, რაც მთლიან იმპორტში დაახლოებით 11%-ს შეადგენს. შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზრებზე ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
კონფლიქტისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო გარკვეული პროდუქციის მიწოდება უკვე შეიზღუდა. მაგალითად, ირანიდან მნიშვნელოვანი მოცულობით შემოდის რკინა და სხვადასხვა სამშენებლო მასალა, რაც სასაქონლო კლასიფიკაციით 72–73 ჯგუფს მიეკუთვნება. ამ პროდუქციის იმპორტი დაახლოებით 180 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია შესაფუთი მასალები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ქართული კომპანიები სხვადასხვა სექტორში. შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პოზიციაა რძის კონცენტრატები, ანუ რძის ფხვნილი, რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენება წარმოებაში.
თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შევხედავთ, დუბაის მიმართულებით იმპორტი დაახლოებით 354$ მლნ-ს შეადგენს. აქედან ძირითადი ნაწილი მოდის კომპიუტერულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებსა და მათ აქსესუარებზე. ეს პროდუქცია ძირითადად სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება, ამიტომ მიწოდების შეფერხება გარკვეულწილად ფასებზე ზეწოლას გამოიწვევს.
მიწოდების შეზღუდვა ბუნებრივად ქმნის ე.წ. მიწოდების შოკს. ასეთ პირობებში, სანამ ბაზარი შეძლებს ადაპტაციას, ახალი მომწოდებლების მოძებნას და ლოგისტიკური ჯაჭვების გადალაგებას, გარკვეული დროის განმავლობაში ფასებზე ზეწოლა გარდაუვალია. ამიტომ კონფლიქტის ხანგრძლივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ეკონომიკური წნეხიც.
კონფლიქტის დაწყებამდე ნავთობის ფასი დაახლოებით 70–73$-ის ფარგლებში მერყეობდა ბარელზე. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფასმა პიკს მიაღწია და დაახლოებით 119$-მდე ავიდა. მოგვიანებით გარკვეული შემცირება დაფიქსირდა, თუმცა დღესაც დაახლოებით 100 $-ის ფარგლებშია. ენერგომატარებლების გაძვირება პირველ რიგში აისახება ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის სასურსათო პროდუქციის ფასებზეც აისახება.
ეს პროცესები დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ინფლაციის გარკვეული დონე უკვე არსებობდა. თებერვლის მონაცემებით, საერთო ინფლაცია დაახლოებით 4.6% იყო, ხოლო სასურსათო პროდუქტებზე ინფლაცია დაახლოებით 9%-ს აღწევდა. ასეთ პირობებში ენერგომატარებლების ფასების ზრდა დამატებით ინფლაციურ წნეხს ქმნის.“ - ამბობს ლილუაშვილი.
მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესები გარკვეულ შესაძლებლობებსაც ქმნის. საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების პირობებში იზრდება ე.წ. შუა კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას აკავშირებს. ამ პროცესში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას ქმნის, თუმცა ამ პოტენციალის რეალიზება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„მიუხედავად არსებული რისკებისა, არსებობს გარკვეული პოტენციური დადებითი ეფექტებიც. ერთ-ერთი მათგანია შუა კორიდორის მნიშვნელობის ზრდა. ჩრდილოეთის სატრანზიტო მიმართულება, რომელიც რუსეთის გავლით გადის, მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო სხვა მიმართულებებზეც ლოგისტიკური პრობლემებია. ამიტომ იზრდება ტრანსკასპიური, ანუ შუა კორიდორის როლი, რომელიც ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს. ეს საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა გახდეს.
თუმცა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს. მაგალითად, აზერბაიჯანში სარკინიგზო გამტარუნარიანობა დაახლოებით 6%-ით იზრდება, ზოგიერთ სხვა რეგიონში კი ზრდა 40–50%-საც აღწევს. საქართველოს შემთხვევაში კი ზრდა მხოლოდ დაახლოებით 1%-ია. ამასთანავე, ფოთისა და ბათუმის პორტები უკვე ზღვრულ დატვირთვაზე მუშაობს. ამიტომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობა მხოლოდ თეორიულად დარჩება და მისი სრულად გამოყენება ვერ მოხერხდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულ ბანკსაც შესაძლოა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს. ეს შოკი ადრე მხოლოდ რისკად იყო განხილული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში, ახლა კი უკვე რეალურად მატერიალიზებულია. თუ კონფლიქტი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის ცვლილება საჭირო არ გახდეს. მაგრამ თუ ის ორიდან ოთხ თვემდე გაგრძელდება, ეროვნულ ბანკს შესაძლოა მოუწიოს პოლიტიკის განაკვეთის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება და დამატებითი ზომების მიღება ინფლაციისა და სავალუტო ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, ქვეყანას გარკვეული სავალუტო რეზერვები აქვს, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ეკონომისტმა ბექა ლილუაშვილმა.




























