ბიოტექნოლოგიების დახმარებით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის რბოლა სულ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სტარტაპმა Retro Biosciences-მა, რომლის მისიაც ასაკობრივი დაავადებების საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავებაა, გამოაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად 1 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოზიდვის რაუნდს იწყებს. მოზიდული ინვესტიცია კი კლინიკურ კვლევებს, მათ შორის პოტენციურად ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატის გამოკლევას მოხმარდება. ამ უკანასკნელზე, ადრეული ეტაპის კლინიკური კვლევები ავსტრალიაში წელს დაიწყება.
ინვესტიციის გარკვეული ნაწილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორისგან, სემ ალტმანისგან მოდის, რომელმაც სტარტაპის შესაქმნელად $180 მილიონიანი საწყისი ინვესტიცია უკვე გაიღო.
როგორც Retro Biosciences-ის CEO, ჯო ბეტს-ლაქროიმ Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფანდრაიზინგი მიზნად ადამიანური ტანჯვის შემცირებას ისახავს.
"ამჟამად, როდესაც ვინმეს ალცჰაიმერის დაავადება აქვს, მის რესურსებს აზრი ეკარგება. შეიძლება ჯო ბაიდენი, ან ილონ მასკი იყო, გამოწერო იმხელა ჩეკი, რამხელაც გაგიხარდება, მაგრამ მაინც არავის ეცოდინება, როგორ განგკურნოს", - განაცხადა მან.
ალტმანი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი ერთადერთი მილიარდერი არაა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობს. ანტიასაკობრივ სტარტაპ Alto Labs-ში ინვესტიცია ჯეფ ბეზოსმა ჩადოს, PayPal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ თიელმა სახსრები Methuselah Foundation-ისთვის გაიღო, რომელიც მიზნად 2030 წლამდე "90 ახალი 50-ია" მიდგომის დანერგვას ისახავს. Isomorphic Labs-მა, რომელიც მედიკამენტების წარმოებაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ახლახან გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე AI-ით შექმნილი მედიკამენტების კლინიკურ კვლევას დაიწყებს.
Retro Biosciences, OpenAI-სთან პარტნიორობით, ხელოვნურ ინტელექტს ისეთი პროტეინის შესაქმნელად იყენებს, რომელიც ჩვეულებრივ უჯრედს დროებით ღეროვან უჯრედად გარდაქმნის, რასაც, კომპანიის მტკიცებით, დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. Financial Times-ის თანახმად, სან-ფრანცისკოში ბაზირებული კომპანია მოლაპარაკებებს პოტენციურ მხარდამჭერებთან, მათ შორის ვენჩურულ და სუვერენულ ფონდებთან მართავს, ისევე როგორც აშშ-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრებთან, რომლებსაც, პოტენციურად, სტარტაპის AI მოდელების გაშვება შეეძლება.
ალცჰაიმერის საწინააღმდეგო მედიკამენტის ტესტირებასთან ერთად, სტარტაპის ლაბორატორია სისხლისა და ტვინის უჯრედების გაახალგაზრდავების თერაპიის შემუშავებასაც ცდილობს. ერთი ასეთი პროექტი მიზნად ასევე ალცჰაიმერის დამარცხებას ისახავს, სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედების ახალი, უფრო ახალგაზრდა უჯრედებით ჩანაცვლების გზით.




























