მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს 30 მარტს დაადგენს

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფს 30 მარტის სხდომაზე დაადგენს.

კომისიის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის არის სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დადგენა, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის" და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფების დადგენა.

სხდომა 30 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, აქამდე სემეკის მიერ დროებით დადგენილი ტარიფები მოქმედებდა. მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფი 2025 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 25 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ დენის ტარიფის შენარჩუნება მოხერხდებოდა. მოგვიანებით, 29 დეკემბერს კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა. აქამდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი 15 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს - 23.5 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ თავად ბაზრის მონაწილეების შეფასებით, სემეკს ელექტროენერგიაზე დადგენილი დროებითი ტარიფის გაზრდა მოუწევს, რასაც 2 მთავარი მიზეზი განაპირობებს - ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა და შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები