მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკის და მთავრობის მიზანია იყოს ისეთი ტარიფები, რომლებიც მოსახლეობას მძიმედ არ დააწვება და ენერგეტიკის სექტორს განავითარებს - სემეკი

სემეკი

სემეკი ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომისია აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არსებული ტარიფები 3 თვით შენარჩუნდება, რის შემდეგაც კომისია ახალ ტარიფს დაითვლის. სემეკი აღნიშნავს, რომ როგორც კომისიის, ასევე მთავრობის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედებდეს ისეთი ტარიფები, რომლებიც ერთი მხრივ მძიმედ არ დააწვება მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სემეკის ინფორმაციით, ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გადავადების მიზეზია როგორც გამანაწილებელი კომპანიებისგან მიღებული წერილები, ასევე ის გარემოება, რომ არ არის დაზუსტებული მომდევნო წლის ენერგეტიკული ბალანსი, რაც ტარიფის გამოთვლისთვის არის მნიშვნელოვანი.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებით, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს.

როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს.

რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები, რომლის შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ,"- ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები