სემეკმა შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სემეკში აცხადებენ, დაჯარიმების საფუძველი რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები გახდა. კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება.
"ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ბოლომდე სემეკში დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის დადგენილი 2021-2023 წლების ტარიფი იძლევა საშუალებას, შპს „რუსთავის წყალმა“ 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზარდოს საინვესტიციო პროექტების მოცულობა და გააუმჯობესოს არსებული მომსახურების ხარისხი.
ბოლო პერიოდში იმატა შპს „რუსთავის წყლის“ წინააღმდეგ სემეკში მომხმარებელთა მომართვიანობამ. ამასთანავე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს სასმელი წყლის გახშირებულ წყვეტებზე სემეკს განცხადებით მომართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა. სემეკის მიერ საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები გაუარესებულია და არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ ნორმებს", - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.