საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) თბილისში მიცკევიჩის 19-ში მდებარე საოფისე შენობა, რომელშიც ორგანიზაცია წლების განმავლობაში იყო განთავსებული 20.8 მილიონ ლარად შეიძინა - ამის შესახებ დეპუტატ რომან გოცირიძისთვის გაცემული კითხვის პასუხიდან ირკვევა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მიცკევიჩის 19-ში მდებარე შენობა წარსულში იჯარით ჰქონდათ აღებული, რაც მათ საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, ამის გამო მისი შესყიდვა გადაწყვიტეს.
"კომისიამ 2022 წლის 28 დეკემბერს შეიძინა 1825 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 4,154,224 ლარი და მასზე განთავსებული 4388.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ღირებულებით 16,616,997 ლარი. ჯამში საერთო ღირებულებამ შეადგინა 20,771,122 ლარი,"- ნათქვამია სადეპუტატო კითხვის პასუხში.