საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გივი სანიკიძის აზრით, ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტის შემცირებისთვის დიდი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა საჭირო.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში ასახული ტენდენციები იყო.
საქმე ის არის, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2016-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალოდ ყოველწლიურად 3.4%-ით იზრდებოდა; ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით - 3.2%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა; სემეკის თანახმადვე, შარშან წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით - 97.2%-ით; რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ის 51.2%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ არის შემცირებული.
ცნობისთვის: 2025 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური და 6 მზის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 87 მგვტ. მათგან ყველაზე დიდი არის 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ხოლო დანარჩენი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურია.
ინტერვიუ გივი სანიკიძესთან
- თითქმის 10 წელია, ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად 3%-დან 4%-მდე იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზრდა აშკარად ბევრად მაღალია. მზარდია იმპორტიც, ხოლო ექსპორტი კლებადია. რაზე მიუთითებს ეს მაჩვენებლები და ასევე: ხშირად არის ხოლმე დისკუსია ამ ქვეყანაში, გვჭირდება თუ არა გენერაციის ახალი ობიექტები? - ნაწილს მიაჩნია, რომ - არა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ გვჭირდება, მაგრამ უფრო მარეგულირებელი ანუ ე.წ. დიდი ჰესები, რათა ზამთარში ნაკლები დენის იმპორტი მოგვიწიოს. სემეკს რა დასკვნა გამოაქვს?
- დიახ, დაგეთანხმებით - იმპორტი გაგვეზარდა, ექსპორტი კი შემცირდა. ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი იყო ცუდი ჰიდროლოგია: ნალექი ნაკლები მოვიდა და, თავისთავად ცხადია, ჩვენს ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავება ნაკლები გვქონდა. აქედან გამომდინარე, ამას დაერთო ისიც, რომ მოხმარება გვეზრდება - წლიური მოხმარება 3.2%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად, ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ქვეყანაში მოხმარება 3.4%-ით იზრდება, რაც ეკონომიკური ზრდის ფონზე სრულიად ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, როდესაც მოხმარება იზრდება და გენერაცია გვიმცირდება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, დასაბალანსებლად ჩვენ გვჭირდება იმპორტი და ეს იყო ზუსტად იმისი გარემოება, რომ გავზარდეთ იმპორტი. თანაც, ამას უნდა შევხედოთ იმ ჭრილში, რომ ეს არის სეზონური ფაქტორი. ჩვენ გვაქვს წყალუხვობა ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთრის პერიოდში - გვიანი შემოდგომიდან - დეფიციტური ვხდებით.
- რა დაგვეხმარება იმაში, რომ სეზონურობა, რაც ქართული ჰიდროენერგეტიკის პრობლემაა, შევამციროთ?
- დაგვეხმარება დიდი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
- მინისტრები და პრემიერები ხშირად იცვლებიან ამ ქვეყანაში და ყველა ამბობს, რომ გვჭირდება ხუდონიც, ნამახვანიც და ნენსკრაც. ბატონ დავით ნარმანიასაც არაერთხელ უთქვამს ამ ინტერვიუში, რომ დიახ, საჭიროა ამის აშენება, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებს თუ ხედავთ?
- რა თქმა უნდა, ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენ, როგორც მარეგულირებელი კომისია, რომელიც, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელია სატარიფო რეგულირებაზე, ბუნებრივია, ვახორციელებთ გარკვეულ საპროგნოზო გაანგარიშებებსა და გათვლებს, თუ რა დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. შესაბამისად, ვითვლით აღნიშნულ გავლენებს ტარიფზე და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. თუ არ აშენდება ჰიდროელექტროსადგურები, იმ ზრდის ფონზე, რაც ყოველწლიურად ფიქსირდება და იმ პერსპექტივაში, რაც ქვეყნის დამატებითი განვითარებიდან გამომდინარე წარმოიქმნება ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილში (მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებია დაანონსებული სახელმწიფოს მხრიდან), ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ პერსპექტივას, რომ უფრო მეტად გავხდებით დამოკიდებული იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და დასკვნები გვაქვს და ჩვენს წინადადებებს წარვუდგენთ მთავრობასა და ყველა პასუხისმგებელ პირს.
- გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპი რამდენად სახარბიელოა თქვენი აზრით?
- არაერთხელ ითქვა ის, რომ ის შემაფერხებელი გარემოებები, რაც ნამახვანჰესის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული, უნდა გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა და დისკუსიები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერსპექტივაში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები - ეს გაცხადდა კიდეც. ჩვენც ვხედავთ ამის მზაობას და მცდელობას…
- სემეკის ანგარიშში წერია, რომ იმპორტის უდიდესი ნაწილი, თითქმის 75%, მოდიოდა აფხაზეთის რეგიონის მოხმარების მომარაგებისთვის ნაყიდ ელექტროენერგიაზე. სამართლებრივი და ფინანსური მხარეც მინდა დავაზუსტოთ - ხშირად არის ამაზე კითხვები: ამ გაზრდილი იმპორტის საფასურს საქართველოს ბიუჯეტი იხდის თუ უბრალოდ გამტარი ვართ, თუ სიმბოლურ ფასად მიეწოდება აფხაზეთს იმპორტირებული ელექტროენერგია?
- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთის მოხმარება შემცირდა გასული წლის მაჩვენებლით, რაც, თავისთავად ცხადია, დადებითი ფაქტორია. იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით და, როგორც ბრძანეთ, იმპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 75% აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო მიმართული. რაც შეეხება ფინანსურ გავლენას, მინდა გითხრათ, რომ ეს ხორციელდება ძალიან შეღავათიან ფასად და, აქედან გამომდინარე, მას არსებითი გავლენა არა აქვს ტარიფზე.
- დაახლოებით თუ არის შესაძლებელი ვთქვათ, რა არის ფასი?
- ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან შეღავათიანი ფასი… აფხაზეთის მოხმარების დაკმაყოფილებისთვის ხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ელექტროენერგიის მიწოდება. ეს კანონით არის განსაზღვრული და, შესაბამისად, ენგური და ვარდნილი ვალდებულები არიან, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდონ აფხაზეთს.
- რუსეთიდან იმპორტირებული დენის ფულს ჩვენ ვიხდით?
- როგორც ვთქვი, ძალიან შეღავათიან ფასად [ვყიდულობთ]
- რა არის ქართული ენერგეტიკის ყველაზე სუსტი წერტილი სემეკის გადმოსახედიდან?
- თქვენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით დასვით შეკითხვა და ვფიქრობ, აუცილებელია ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. ის შემაფერხებელი ფაქტორები, რამაც ხელი შეუშალა ნამახვანჰესის მშენებლობას და ზოგადად, ხელს უშლის დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, უნდა აღმოიფხვრას. აუცილებელია, მოსახლეობაში და ყველა იმ დაინტერესებულ მხარეში, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ავამაღლოთ ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის ჰიდროელექტროსადგურების, განსაკუთრებით კი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამაზე მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი, ამ სტერეოტიპებს, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, წერტილი უნდა დაესვას.


























