საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. სემეკის თანახმად, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა.
კერძოდ, მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს.
"რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები.
საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა", - აცხადებენ სემეკში.




























