ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) გაზის ტარიფის დადგენა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც სურს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMG-ისთან განაცხადა, თუ გაზის სექტორში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფს კომისია დაადგენს, ეს პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
საქმე ის არის, რომ 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე "კონკურენციის განვითარებისა და განაწილების ახალი ქსელის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით", გაზის ბაზარზე მიწოდების საქმიანობა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, დერეგულირებლად გამოცხადდა.
”2007 წლიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი კომერიციული სექტორისთვის დერეგულირებულია. შესაბამისად, კომპანიები ფასის ზრდაზე ერთი თვით ადრე ატყობინებენ მომხმარებელს. მეტი სხვა სახის ვალდებულება არ გააჩნიათ - იგივე თუნდაც ფასების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თუ ეს ფუნქცია მარეგულირებელ კომისიას ექნებოდა, როგორც ეს საყოფაცხოვრებო ტარიფის დადგენის შემთხვევაშია, ტარიფის სტრუქტურა ღია და გამჭვირვალე იქნებოდა. მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფის დადგენა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით ხდება. ამდენად, აქაც სპეციალური ფორმულით დადგინდებოდა ტარიფი. ვინაიდან დღეს კომერციული სექტორისთვის ენერგოკომპანიები თვითონ ადგენენ ტარიფებს, ერთი მხრივ, არ გააჩნიათ ღიაობის და გამჭვირვალობის ვალდებულება, მეორე მხრივ კი, ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, მომხმარებელმა არ იცის, რა შედის გაზის საფასურში ანუ როგორია ტარიფის სტრუქტურა”, - აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, შესაბამისი უწყებების ნების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შემდეგაც კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფს კომისია დაადგენს, რამდენიმე თვე დასჭირდება.
"თუ მარეგულირებელ კომისიას გადაეცემა ეს ფუნქცია, რამდენიმე თვე დასჭირდება მეთოდოლოგიისა და ახალი წესების მოსამზადებლად. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ეს ტარიფი კომისიის მიერ დადგინდეს”, - ამბობს ნარმანია.
მაისის ბოლო გაზის მიმწოდებელმა კომპანიებმა “თბილისი ენერჯიმ” და “სოკარმა” ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. კერძოდ, 1-ელი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარით განისაზღვრება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ეს მოქმედ ტარიფთან შედარებით 25 თეთრით გაძვირებას ნიშნავს. რაც შეეხება “სოკარს”, 23 თეთრით გაზრდის შემდეგ რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო გაზის საფაური 1.38 ლარი იქნება დღგ-ს ჩათვლით.