ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ითხოვს, რომ მძიმე დარღვევებზე კომპანიებისთვის დასაკისრებელი ჯარიმა ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდოს. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, ამ დროისთვის არსებული მაქსიმალური ჯარიმა, 75 000 ლარი საკმარისი არაა სამართალდარღვევების პრევენციისთვის, ამიტომ კომისიამ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა.
„მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა, 75 000 ლარი არ არის საკმარისი ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის პრევენციისთვის ან შესაბამისი ადმინისტრაციულად დასჯის საკომპენსაციოდ, აქედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ჯარიმის მოცულობა უნდა გაიზარდოს 500 000 ლარამდე და მარეგულირებელ კომისიას უნდა მიენიჭოს მანდატი, რომ დაადგინოს დაჯარიმების წესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, მივაწოდეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მთავრობის მეშვეობით შევიდეს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
იმ შემთხვევაში, თუ კანონით იქნება გაზრდა განსაზღვრული, მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს შესაბამისი წინადადებები, თუ რა ტიპის სამართალდარღვევაზე რა მოცულობის ჯარიმები უნდა იყოს. ეს ყველაფერი დადგენილი და დამტკიცებული იქნება წესებით და აქედან გამომდინარე, როცა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან დარღვევასთან გვქონდეს საქმე, კომისიას უფლებამოსილება ექნება, რომ გამოიყენოს მაქსიმალური ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით, თუმცა ცხადია არა ყოველთვის, კომისია ყოველთვის ცდილობს, სამართალდარღვევის ადეკვატური ჯარიმა გამოიყენოს. სხვათა შორის, ევროპაში ძალიან მაღალია ჯარიმები, გაცილებით უფრო მაღალიც, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენთან არსებული ბრუნვების, გარემოს და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ეს მოცულობა ოპტიმალურია“,- თქვა ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში".
მან ასევე განმარტა, რა წარმოადგენს ისეთ მძიმე დარღვევას, როდესაც სემეკი 500 000-ლარიან ჯარიმას გამოიყენებს.
„როცა ცალკეული კომუნალური კომპანიას კომისია მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებები ირღვევა და რაღაც შემთხვევებში მასიურად ერიცხება მომხმარებელს ზედმეტი თანხები და ამისთვის ცალკე გადაწყვეტილების მიღება და დაჯარიმება უწევს, როცა მომხმარებელთა დიდ კატეგორიას ეხება და წინასწარაა განსაზღვრული, ან მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნების და მითითებების შეუსრულებლობას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს კომისიას მანდატი, გამოიყენოს უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე დღესაა კანონმდებლობით განსაზღვრული“,- ამბობს ნარმანია.