საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
როგორც სემეკი ოფიციალურ განცხადებაში წერს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მასთან დაკავშირებული რეგულირების საკითხები იყო.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელობაზე და იმ საჭიროებაზე, რომ შემუშავდეს ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს კაბელის პროექტის განვითარებასა და რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას“, – აცხადებენ სემეკში.
მათი ცნობით, მხარეებმა შეთანხმება მიიღეს, რომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.




























