სულ მალე ქართულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების ახალი ბრენდი “სემელე” გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს საფერავის ღვინის ბაზაზე დამზადებულ ლიქიორებს შესთავაზებს. “სემელე” ოჯახური საქმიანობაა, რომლის საორგანიზაციო საკითხებსაც დები, ელისო და სალომე უზუნაშვილები უძღვებიან. ბრენდის კონცეფციის შესახებ მათ BM.GE-სთან ისაუბრეს.
“მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციასთან კავშირი თითქმის არაცნობიერიდან გვაქვს. მამა და ბიძა მე-11 თაობის მეღვინეები იყვნენ. კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიკროზონა მუკუზანში, საოჯახო ტიპის მარანი გვაქვს, სადაც ღვინის წარმოებასთან ერთად ღვინის ტურებსაც ვმასპინძლობთ. ტექნოლოგიურ პროცესებს მამა უძღვება, ჩვენ ამ ეტაპზე, ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს ვხელმძღვანელობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თბილისში გვიხდება ყოფნა, როცა თავისუფალი დრო გვაქვს ყოველთვის კახეთისკენ მიგვიწევს გული და ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ ოჯახურ საქმიანობაში.
მოულოდნელი არც ყოფილა, რომ საკუთარი პროდუქტის შექმნის სურვილი გაგვიჩნდა. ბევრი არც გვიფიქრია, შთაგონება წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის ლიქიორი გახდა”, - ამბობს სალომე უზუნაშვილი.
ბრენდი მომხმარებლებს დასაწყისისთვის ღვინის ბაზაზე დამზადებულ ორი სახის ლიქიორს - ალუბლისა და მაყვლის არომატით - შესთავაზებს. სულ მალე კი “სემელეს” ლიქიორი ვარდის არომატითაც გამოჩნდება.
“პირველი პრეზენტაცია 20 ოქტომბერს გვაქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც ჩვენი პროდუქტი გაყიდვაში მალე ჩაეშვება. ლიქიორების ღირებულება 45-50 ლარის ფარგლებში იქნება.
ბაზარზე მცირე რაოდენობის პროდუქციით შევდივართ, არსებულ მოთხოვნას ვაკვირდებით, რის შემდეგაც წარმადობის გაზრდაზეც ვიფიქრებთ”, - ამბობს ელისო უზუნაშვილი.
დამფუძნებლების თქმით, “სემელეს” მთავარი ამოცანა პროდუქტის, ადგილობრივთან ერთად, უცხოელი მომხმარებლებისთვის გაცნობაა, რის გამოც ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ.
“მოცემული დროისთვის, უკვე რამდენიმე გამოფენასა და ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა და ლიქიორებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ახალგაზრდების, ისე უფროსი თაობის მხრიდან.
ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პროდუქტი უცხოელ მომხმარებელსაც გავაცნოთ. ექსპორტის მხრივ საინტერესოა ევროპის და ამერიკის ბაზარი. ამ მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც ვგეგმავთ”, - ამბობს სალომე უზუნაშვილი.
“სემელეს” საფერავის ბაზაზე დამზადებული ლიქიორების შეძენა ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში იქნება შესაძლებელი.