საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრები - ჯიმ რიში (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი), რონ ჯონსონი (ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე) , ბენ კარდინი (ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე) და ჯინ შაჰინი (ევროპის ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვისკენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენე. ამასთანავე, სენატორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება იყოს დაცული.
“ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.
დაჟინბით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოს გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება ასევე არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება,"- ნათქვამია განცხადებაში.