აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "გლობალური მაგნიტსკის აქტის" აღსრულების შესახებ იმსჯელეს, რა კონტექსტშიც საქართველოზეც გამახვილდა ყურადღება. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება მძიმდება, ირღვევა ადამიანის უფლებები, რასაც ისინი არ შეეგუებიან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ორპარტიული კონსენსუსია კონგრესის ორივე პალატაში.
"ჩვენ არ მოვითმენთ საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. იმედი მაქვს, პრემიერი და მმართველი პარტია მიიღებს ამ შეტყობინებას", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე.
"ვიცით, რომ საქართველოში ვითარება უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ამ კომიტეტში ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია ერთგულება ვაჩვენეთ. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებას, ბოლო შვიდი დღეა ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა", - დასძინა სენატორმა შაჰინმა.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით ის და სენატორი რიში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ.