დღეს SEO-სპეციალისტებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ კვალიფიციური კადრების მოპოვება მაინც საკმაოდ რთულია, - ამის შესახებ SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში განაცხადა.
მისი თქმით, SEO-სპეციალისტის პროფესიაზე მოთხოვნას პანდემიის შემდეგ დაჩქარებული გაციფრულება ქმნის, რის გამოც, ეს პროფესია საკმაოდ მაღალანაზღაურებადიცაა.
“ადამიანები - ჩვენი კომპანიის მთავარი რესურსია, მაგრამ კვალიფიციური კადრების მოპოვება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ ჩვენი ინდუსტრია მზარდია და საკმაოდ სწრაფად იცვლება. პირველივე დღიდან, ჩვენი მიდგომა ახალგაზრდა დამწყები კადრების აყვანას და ჩვენი რესურსებით დასწავლას მოიაზრებდა.
საკუთარი კურსების შექმნაც სწორედ ამ პრობლემის გამო დავიწყეთ. Search Engine Institute-ი დავაფუძნეთ, რომელიც პირველი SEO-კურსების უნივერსიტეტი იქნება, სადაც კურსები განვითარების ყველა ეტაპზე მყოფი SEO-სპეციალისტისთვის და ახალბედა ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.
როგორც SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომპანიამ საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება დაიწყო, რომელთა გავლის შემდეგ, Rank Pilots-ი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.
“ცოტა ხნის წინ, მსგავსი კურსი სხვა კომპანიასთან ერთად ჩავატარეთ და შევქმენით პრეცედენტი, რადგან კურსის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენთან დავასაქმეთ. დღეს, ის ჩვენი კომპანიის სრულყოფილი კადრია და ამ პრაქტიკამ იმდენად გაამართლა, რომ მას მივყვებით და ვცდილობთ ისეთი კადრები აღვზარდოთ, რომლებიც გლობალურ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
თუ ინგლისური იცით, შეგიძლიათ გლობალურ ბაზარზე გახვიდეთ და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში გქონდეთ. მე პირადად, პირველივე დღიდან საერთაშორისო ბაზარზე ვმუშაობ, სადაც ადგილობრივ ბაზართან შედარებით უფრო მაღალი ანაზღაურება.
დღეს SEO-სპეციალისტებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. პანდემიის შემდეგ გაიზარდა იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც ვებგვერდს იყენებენ და შესაბამისად, კონკურენციაც გაიზარდა, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები ამ პროფესიაში ძალიან დიდია”, - განაცხადა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.