2024 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს 2024 წლის მარტის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ფასების წლიურმა კლებამ, რადგანაც გასულ წელთან შედარებით ფასები 0.3%-ით არის შემცირებული.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.