მომდევნო თვის ბოლოს, საქართველოში პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ BMG-ის მზის ელექტროსადგურების კომპანია Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მცირე, 2.4 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური კასპში მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 900 000 დოლარს შეადგენს და მასზე Green Energy-ის საპროექტო კომპანია Energy Consulting Group-ი მუშაობს.
„სექტემბრის ბოლოს, ექსპლუატაციაში შევა პირველი ინდუსტრიული მზის სადგური. მიერთება „ენერგო პროს“ ქსელში იქნება. დანადგარები უკვე განბაჟდა და სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება მზის სადგურის ინსტალაცია კასპში“,- განაცხადა დავით შვანგირაძემ.
Green Energy-ის დამფუძნებლის თქმით, მზის სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის შეძენას „და-ტენე“ აპირებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებას გეგმავს.
ცნობისთვის, Green Energy 2017 წელს დაფუძნდა და მზის სადგურის პროექტირებას და მშენებლობას უზრუნველყოფს. მან უკვე დააინსტალირა 13 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები. Green Energy-ი ფლობს საპროექტო კომპანია Energy Consulting Group-ს. ასევე კომპანია „და-ტენე“-ს, რომლის გეგმაშიც, წელს, ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო ავტომობილების 300 სწრაფი დამტენის განთავსებაა.