მზის ელექტროსადგურების კომპანია Green Energy ელექტრომობილების სერვისების მიმართულებით ფართოვდება და საქართველოში ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებას გეგმავს.
როგორც BMG-ის Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება Green Energy-ის შვილობილი კომპანია „და-ტენე“. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 300 სწრაფი დამტენი მოემსახურება ელექტრომობილის მფლობელებს, რისთვისაც 1.3 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება. მომავალ წელს კი დამტენების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
დავით შვანგირაძის განმარტებით, პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავად გახდა ელექტრომობილის მფლობელი და გამოწვევებს წააწყდა არასაკმარისი თუ გაუმართავი დამტენების სახით.
„ელექტრომობილით ჭირს მაგალითად თელავში ჩასვლა, ბათუმისკენ წასვლა, რადგან დამტენების ნამდვილად დიდი დეფიციტია. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სერვისი, რომ ყველა დამტენი გამართულად მუშაობდეს. ეს იდეა სწორედ აქედან წამოვიდა. როგორც ვაკვირდებით, ელექტრომობილების გაყიდვები საკმაოდ მზარდია“, - ამბობს დავით შვანგირაძე.
მისივე თქმით, მომხმარებელი სერვისით სარგებლობას, სატესტო რეჟიმში, სექტემბრიდან შეძლებს. დამტენების მდებარეობაზე ინფორმაცია კი „და-ტენე“-ს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი.
„სხვადასხვა კერძო ლოკაციებზე ვამონტაჟებთ. პირველი იქნება „ტოტალ-100“-ის ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც არის კვების ობიექტები, ინფრასტრუქტურა. ჩვენი მიზანია, რომ მოცდის დროის განმავლობაში მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევთავაზოთ. ამასთან, ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფი დამტენები შემოვიტანოთ ბაზარზე. შეკვეთილი გვაქვს 120 კილოვატიანი დამტენები. რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით 90 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის მქონე ავტომობილს, რომელსაც 30% აქვს დარჩენილი, ეს დამტენი დაახლოებით 30 წუთში დატენის. მოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება. ცალკე შეთავაზება გვექნება ტაქსებისთვის.
უკვე ველოდებით, რომ გარკვეული რაოდენობის დამტენები უნდა შემოვიდეს და დამონტაჟდება. იქნება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ნახავენ ლოკაციებს და შეთავაზებულ სერვისებს. დაახლოებით სექტემბრის 10-დან 20 რიცხვამდე გაეშვება და სატესტო რეჟიმში იქნება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. წლის ბოლომდე 300 დამტენი უკვე ამუშავდება და გეგმაში გვაქვს მეტის დამატება. გეგმა მინიმუმი წელს არის 300 დამტენი და მომავალ წელს დაახლოებით - 500. ბაზრის მოთხოვნას დავაკვირდებით როგორი იქნება. ასევე ვითვალისწინებთ, რომ ეტაპობრივად ქვეყანაში შემოვა სატვირთო ელექტრო ავტომობილებიც და უკვე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომ სატვირთოებისთვისაც მძლავრი დამტენები შემოვიტანოთ“,- ამბობს დავით შვანგირაძე.
მისივე განმარტებით, ამჟამად დამტენები პარტნიორ ობიექტებში დამონტაჟდება, თუმცა კომპანიას აქვს კონცეფცია, რომ დასამუხტი სადგურების ქსელი იმავე პრინციპით განავითაროს, როგორც ბენზინგასამართი სადგურებია. ეს გულისხმობს 10-15 მანქანაზე გათვლილ ტერიტორიას, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა ექნება კვების და სხვა ობიექტების სახით.
„ვფიქრობ, „და-ტენე“-ს ბრენდით ამგვარი სადგურების შექმნა ძალიან საჭიროა. ეტაპობრივად დავაკვირდებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება პროცესები“,- განმარტავს დავით შვანგირაძე.
ცნობისთვის, Green Energy 2017 წელს დაფუძნდა და მზის სადგურის პროექტირებას და მშენებლობას უზრუნველყოფს. მან უკვე დააინსტალირა 13 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები. ამასთან, Green Energy-ი ფლობს საპროექტო კომპანია Energy Consulting Group-ს.