მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მზის პირველი ინდუსტრიული ელექტროსადგური ოქტომბრიდან ამოქმედდება - Green Energy

მზის სადგური

მზის ელექტროსადგურების დეველოპერი კომპანია Green Energy საქართველოში მზის პირველ ინდუსტრიულ ელექტროსადგურს აშენებს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ელექტროსადგური ექსპლუატაციაში ოქტომბრიდან შევა.

"გვიხარია, რომ პირველები ვართ ბაზარზე, ვინც ინდუსტრიული ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება მცირე, 2.3 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლისგანაც წელიწადში 3.3 მლნ კილოვატ-საათის გენერაციას ველოდებით, რაც თავისუფალ ბაზარზე იქნება გამოტანილი და არა CFD აუქციონზე ან ნეტო სისტემაზე მიბმული.

ძალიან კარგად მიდის მოლაპარაკებებისა და მშენებლობის პროცესები, გუშინ შემოვიდა საქართველოში ტვირთიც, მზის პანელები და კონსტრუქციები. ყველაფერი უკვე დასაწყობებულია და მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას ველოდებით. ვფიქრობ, ვადებში ჩავეტევით და პირველ სადგურს ექსპლუატაციაში ოქტომბრის ბოლოდან ჩავუშვებთ", - განაცხადა შვანგირაძემ.

პროექტში განსახორციელებელი ინვესტიცია $850 ათასს შეადგენს.

Green Energy-ის დამფუძნებელი BMG-სთან მზის ინდუსტრიული ელექტროსადგურის დანიშნულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, თუ რა განასხვავებს მას ნეტო აღრიცხვის სისტემისგან.

"ნეტოაღირცვა კერძო მოხმარებისთვის 500 კილოვატამდე სადგურის მონტაჟს ითვალისწინებს და სულ სხვა პირობები აქვს. არიან საწარმოები, რომლებიც ამონტაჟებენ 300-500 კილოვატს, თუმცა ეს მათ მოხმარებას სრულად არ აკმაყოფილებს - ძირითადად მხოლოდ 20-30%-ს.

რაც შეეხება ინდუსტრიულ ელექტროსადგურს, ეს უფრო გრძელვადიანი ინიციატივაა, მაგრამ წარმადობაც უფრო მაღალი აქვს. შესაბამისად, ჩვენი პროექტი ეკონომიკურად 5-წლიან უკუგებაზეა გათვლილი", - ამბობს დავით შვანგირაძე.

კომპანიის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის წარმოების 100%-ს Green Energy შვილობილი კომპანია "და-ტენეს" საშუალებითაც აითვისებს. შვანგირაძე აღნიშნავს, რომ ორი კომპანია საერთო ჯაჭვს ქმნის, რომელშიც ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლებიც თავად არიან.

"და-ტენე" პირველი იქნება, ვინც შექმნის მიზიდულობის ცენტრებს, სადაც ელექტრომობილების დამუხტვა იქნება შესაძლებელი. ოქტომბრის პირველ რიცხვებში უკვე დავამონტაჟებთ თხუთმეტ 120 კილოვატიან სატენს, რომელიც ჯამში 30 ელექტრომობილზე იქნება გათვლილი.

"და-ტენე" თავად იქნება შემსყიდველი განახლებადი ენერგიის, პირდაპირი ხელშეკრულებით. ექნება ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი მოხმარება და, შესაბამისად, იკვრება ჯაჭვი, სადაც მწარმოებლებიც თავად ვართ და მიმწოდებლებიც", - აღნიშნავს დავით შვანგირიძე.

"და-ტენეზე" საუბრისას Green Energy-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2025 წლის II კვარტალის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილებისთვის 300 დამტენი დამონტაჟდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები