მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში თბილისში ახალი ბინების გაყიდვები შემცირდა, ძველის კი გაიზარდა - ჯამურად ზრდა 13%-ია

თბილისი

სექტემბერში თბილისში 3900-მდე ბინა გაიყიდა. თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გასულ თვეს, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13%-ით გაიზარდა და 3 869-ს გაუტოლდა. ბაზრის მოცულობამ $319 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.

როგორც თიბისი კაპიტალი წერს, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ განაპირობა გასული თვის დასვენების დღეებმა, რომლის შედეგად გადადებული ოფიციალური რეგისტრაციები სექტემბერში აისახა.

ამასთან, 2025 წლის 9 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბინების ტიპებს, სექტემბერში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობა 16%-ით შემცირდა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით და 611 ბინა შეადგინა, ხოლო გაყიდული ძველი ბინების რაოდენობა 3258-ს გაუტოლდა და 21%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში შემცირდა 16%-მდე.

„2025 წლის სექტემბერში, გაყიდული ბინების უდიდესი წილის მქონე კატეგორიად რჩება 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინები. მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 46% შეადგინა. ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიამ, რომელსაც 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები იკავებს, ჯამური გაყიდვების 3% შეადგინა“, - წერს თიბისი კაპიტალი.

რაც შეეხება სექტემბერში გაყიდული ბინების ფასს, ნახევარზე მეტის ფასი 1 კვ.მ-ზე აღემატებოდა 1200 დოლარს, ხოლო 1500 დოლარზე მეტი ღირებულების წილმა ჯამური ტრანზაქციების 32% დაიკავა.

„გასულ თვესთან შედარებით, ბინების განაწილება საფასო კატეგორიების მიხედვით თითქმის უცვლელად შენარჩუნდა, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 1500 დოლარი/კვ.მ-ზე მაღალი და 1200-1500 დოლარი/კვ.მ ღირებულების ბინები, შესაბამისად, 9 და 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, გასულ თვეს, ყველაზე მეტი ბინა თბილისში კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა, ხოლო სხვა უბნებთან შედარებით, კრწანისი კვლავ გამოირჩეოდა ყველაზე მაღალი წლიური ზრდით (92%). ასევე, ვაკესა და მთაწმინდის უბნებში კვლავ ნარჩუნდება ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი, რომელიც კვ.მ-ზე 2000 დოლარს აღემატება, ხოლო იმავე პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო ფასი სამგორში დაფიქსირდა 1027 დოლარი კვ.მ-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები