ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლევან ქვარიანის განცხადებით, წელს კლიმატურმა პირობებმა ნუშისა და კაკლის მოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, სექტემბერში ხშირი ნალექების გამო ფერმერებს მოსავლის კრეფის დაწყება გაუჭირდათ ან პროცესი საერთოდ შეჩერდა.
„ნუშის ზუსტი შედეგების თქმა ჯერ ადრეა, თუმცა შარშანდელი მაჩვენებელი, დაახლოებით 3000 ტონა გაუტეხავი ნუში, სავარაუდოდ განმეორდება. ოპტიმისტური სცენარით მოსავალმა შეიძლება 3500 ტონასაც მიაღწიოს, მაგრამ დიდი ალბათობით შარშანდელზე მეტი არ იქნება“, – აღნიშნა ქვარიანმა.
რაც შეეხება კაკლის მოსავალს, მისივე ინფორმაციით, კაკლის მოსავლის ძირითადი კრეფა ოქტომბრის ბოლოს იწყება და საბოლოო მონაცემები ნოემბერში გახდება ცნობილი, თუმცა პირველადი შეფასებით შარშანდელთან შედარებით მცირედი ზრდაა მოსალოდნელი.
„2024 წელს კაკლის მოსავალი დაახლოებით 3500 ტონა იყო. წელს, სავარაუდოდ, 4000 ტონამდე ავა. თუმცა აქაც კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შექმნა“, - აღნიშნა ასოციაციის წარმომადგენელმა.
ქვარიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის შიდა გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველოში გაშენებულია დაახლოებით 5000 ჰექტარი ნუშის ბაღი, თუმცა მოსავლიანობა დაბალია, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი შეცდომების, არასწორი აგრონომიული პრაქტიკისა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურის შედეგია.
„სწორი ირიგაციის სისტემების ნაკლებობა, ცოდნის დეფიციტი და არასაკმარისი ინვესტიციები კვლავინდებურად რჩება გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წყლის რესურსი გვაქვს, არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო”, - აღნიშნა ქვარიანმა.
მისივე თქმით, წელს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა მექანიზაციის ნაკლებობა მოსავლის კრეფის პროცესში.
„ნუში და კაკალი კრიტიკულად საჭიროებს მექანიზებულ კრეფას, მაგრამ ბევრ ფერმერს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. შედეგად, მოსავლის ხელით აღება უძვირებს პროდუქციას, ახანგრძლივებს პროცესს და საბოლოოდ მის ხარისხსაც ამცირებს“, - ამბობს ქვარიანი.




























