მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტემბრამდე შემოტანილი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები არ გაძვირდება“ - რეგლამენტში ცვლილებებია

60dee65d0afce
ინგა მურუსიძე
02.07.21 14:37
1447
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომლის თანახმად, აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 1 ივლისის ნაცვლად 1 სექტემბერს ამოქმედდება.

საქმე ის არის, რომ „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელებიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები. ანუ, მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება როგორც - ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება. კერძო სექტორი რეგლამენტის შეფასებისას ამბობდა, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია თითქმის არ არსებობს, ამიტომ თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, გამოდის ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება.

Bm.ge ტექნიკური რეგლამენტის შესახებ გამოქვეყნებული ახალი დადგენილების განმარტებისთვის „თერმო ცენტრის“ იურისტს, სოფო მექანარიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, დადგენილება გამოქვეყნდა, თუმცა რამდენიმე საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსა და იმპორტიორ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს იმ საკითხების დასაზუსტებლად, თუ როგორ უნდა გაიაროს ტესტი ტექნიკამ.

„რაც შეეხება უკვე არსებულ ცვლილებებს, ორი მთავარი საკითხი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რეგლამენტის ამოქმედების გადავადება და არსებული ნაშთების რეალიზაცია. ორივე საკითხი დაკმაყოფილებულია. დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ ყველა იმპორტიორმა კომპანიამ, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობისთვის შემოაქვს პროდუქცია, ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს მოწყობილობების იმპორტის წინასწარი შეტყობინება. დანართში ასევე არის ჩამოთვლილი აირადი მოწყობილობები, რომლებზეც გავრცელდება რეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ ჩამონათვალში არ არის ე.წ. სათადარიგო ნაწილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო 1 სექტემბრამდე შემოტანილი ტექნიკის რეალიზაცია და ეს სამინისტრომ დათმო, ამიტომ შეგვიძლია პროდუქციის რეალიზაცია განუსაზღვრელი ვადით“, - განმარტა სოფო მექანარიშვილმა.

შეჯამებისთვის, იურისტი ამბობს, რომ სექტორის ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით დათმობაზე წამოვიდა და ეს მისასალმებელია“, - ამბობს ის.

„თერმო ცენტრის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, არსებულ ნაშთებზე ფასები არ გაიზრდება.

რაც შეეხება ბაზარზე უკვე არსებულ ტექნიკას, მათ შორის გათბობის ქვაბებს. როგორც „თერმო ცენტრის“ წარმომადგენელი განმარტავს, ახალი რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნა არის კონდენსაციური სისტემა.

„ახლა ბაზარზე არსებული ტექნიკა უსაფრთხოა, უბრალოდ ნაწილი აკმაყოფილებს ახალ სტანდარტებს, ნაწილი - ვერა. ამჟამად რეალიზაციაში გვაქვს როგორც კონდენსაციური, ისე არაკონდენსაციური გათბობის ქვაბები, უბრალოდ სტანდარტების შესაბამისი შედარებით ძვირია. ალბათ ახალ ბრენდებსაც მოვიძიებთ, თუმცა არსებულსაც შევინარჩუნებთ“, - ამბობს სოფო მექანარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები