მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტორი მყარად მუშაობს“ - გაძვირდება თუ არა პური?

პური

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ სექტორში სტაბილური მდგომარეობაა და პურის ფასი არ შეცვლილა.

მალხაზ დოლიძემ არსებულ ტენდენციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე სამინისტროსთანაც იყო შეხვედრა და მხარეები ფასის შენარჩუნებაზე მუშაობენ.

„ბოლო რამდენიმე წელია 3-თვიანი მარაგები არსებობს, ეს მარაგები გარდამავალია, ივსება, ამიტომ ამ მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, ცხობის სექტორი მუშაობს, ფასები ჯერჯერობით სტაბილურია. მოსავლის აღების წინა პერიოდს ყოველთვის ახასიათებდა ფქვილის ფასების კლება. მაგრამ მინდა გითხრათ, ნიშნები მოვიდა იმის, რომ რუსეთში გარკვეულად გააძვირეს ფქვილი, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით ბაზარი სტაბილურია. რა ინფორმაციაც არის, კახეთის რეგიონში ელოდებიან უფრო მეტ მოსავალს ვიდრე იყო შარშან, მოსალოდნელია 200 000 ტონამდე მოსავლის მიღება.

რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მწარმოებლებს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. იმაზეა საუბარი, რომ ფასი უნდა იქნეს შენარჩუნებული. ყველა მხარე მუშაობს, რომ იყოს სტაბილიზაცია და არ იყოს თავის ტკივილი“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურების გავლენას, მისი ინფორმაციით, ეს აისახა რუსულ ფქვილზე და ფასი გაზრდილია, რამაც იმპორტი შედარებით შეამცირა.

„რუსული ფქვილის ღირებულება რამდენიმე ლარით გაიზარდა. ადრე თუ 52-53 ლარად გვაწვდიდნენ, დღეს 56-57 ლარად გვთავაზობენ. ამიტომ, ეს ერთი თვეა საგრძნობლად შემცირდა რუსეთიდან ფქვილის შემოსვლა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ძირითადად ადგილობრივ წისქვილებზე ვართ დამოკიდებული. ადგილობრივი ფქვილის ღირებულებაც ოდნავ გაიზარდა - თუ იყო 50 ლარი, 52 ლარზეა მისული. ეს არის ზღვარი, რომელზედაც შეთანხმებულები ვართ, რომ ამის ზევით ფქვილის ღირებულება იმდენად რენტაბელური არაა. ჩვენ სექტორშიც გარკვეული ცვლილებები არის, ჩვენთან გაიზარდა ხელფასები... სექტორი მყარად მუშაობს, პური მიეწოდება მოსახლეობას, ფასები არ შეცვლილა“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები