უკრაინის დედაქალაქში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და უკრაინის მეხუთე სამიტში მონაწილეობის მისაღებად სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ჩავიდა. როგორც სერბული მედია წერს, ქვეყნის პირველი პირი საერთაშორისო ღონისძიებაზე საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვასა და პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.
სოციალურ ქსელ Instagram-ის პირად გვერდზე სერბეთის ლიდერმა კიევში მატარებლით ჩასვლის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის მოელის ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. კიევში რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი და მოლდოვის ლიდერი მაია სანდუ უკვე ჩავიდნენ. ღონისძიებაში ალბანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და თურქეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
შეხვედრის მონაწილეები ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთის მხარდაჭერასა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.




























