მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერვისების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით USAID იწყებს მუშაობას ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან

643fb88c409b5
BM.GE
19.04.23 13:43
428
დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას.

ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის. შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისები და გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები.

ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, USAID მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორისა შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, გამოხატეს ინტერესი და მზაობა იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე. USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ქენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  30 წლის პარტნიორობის პერიოდში, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia


(ns)