მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე საკვლევად, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, წელს სურსათის ეროვნული სააგენტო სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად, ნაყინის 60 ნიმუშის აღებას გეგმავს.
მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს; კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.