მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Setanta, La Gazzeta და წიგნები - რას საქმიანობს SMH Global-ი სპორტის მიმართულებით?

ლაშა მაჭავარიანი

ბოლო წლებში, საქართველოს სპორტული მედია სწრაფად ვითარდება. ამ პროცესში დიდი წვლილი საქართველოდან მართულ საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმას, Setanta Sports-ს მიუძღვის, რომელიც მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში მცხოვრებ ასობით მილიონ ადამიანს ექსკლუზიურ სპორტულ კონტენტს სთავაზობს. Setanta Sports-ი ქართულ ბიზნესჰოლდინგში, SMH Global-ში შედის, რომელიც, ევრაზიის კონტინენტზე ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta Dello Sport-ის ოფიციალური წარმომადგენელიცაა.

SMH Global-ის პორტფელში შემავალ ბრენდებზე და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა. ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, SMH Global-ი სპორტის და iGaming-ის მიმართულებით ოპერირებს, ხოლო ახლო მომავალში, ამ ორი სფეროს გადაკვეთაზე არსებული დიდი პარტნიორობის შესახებაც განაცხადეს, რომლითაც, საქართველოში La Gazzetta Dello Sport-ის სპორტული დაჯილდოება დაფუძნდება.

“SMH Global-ში ორი მიმართულება გვაქვს, ესენია სპორტი და გეიმინგი. გეიმინგის ნაწილში B2B მიმართულებით ვმუშაობთ, კავშირების დამყარების და კონფერენციების მოწყობის გზით, რათა ინდუსტრია გავაერთიანოთ და გლობალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ. სპორტში 2016 წლიდან ჩავერთეთ, როცა ირლანდიელებისგან Setanta Sports-ის ფრენჩაიზი მოვიპოვეთ. იმ დროს, როცა საქართველოთი დავიწყეთ, Setanta ფაქტობრივად არაფერი იყო და დღეს, ევრაზიის თხუთმეტ ქვეყანაში ის ნომერ პირველი ბრენდია, რომელიც ყველაზე დიდ აუდიტორიას ფლობს და ყველაზე მრავალფეროვან, მათ შორის ლოკალიზებულ კონტენს ქმნის. მოგვიანებით, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩავერთეთ, უმეტესწილად, სამოყვარულო დონის ტურნირების მხარდაჭერით, იქნება ეს ფეხბურთი, სათხილამურო სპორტი თუ სხვა.

ცოტა ხნის წინ, დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში სპორტული მედიის გლობალური კორიფესთან, La Gazzetta Dello Sport-თან ევრაზიაში ფრენჩაიზის ხელშეკრულება გავაფორმეთ. საქართველოდან დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებულად გავეშვით, რაზედაც La Gazzetta Dello Sport-ის 100%-იანი ცნობადობა მიუთითებს. იტალიურ გაზეთთან ურთიერთობა გვაძლევს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამართულ სპორტულ ღონისძიებას დავესწროთ, საიდანაც ჩვენი ჟურნალისტები მკითხველებს ექსკლუზიურ ინფორმაციას სთავაზობენ. ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებებსაც დავყვებით და ცოტა ხნის წინ, სტუდიური გადაცემებიც დავამატეთ. ჯერ ვერ გავაჟღერებ, მაგრამ მალე iGaming-ის ინდუსტრიის დიდ მოთამაშესთან სტრატეგიულ პარტნიორობას დავიწყებთ და მათთან ერთად, La Gazzetta Dello Sport-ის ეგიდით და საერთაშორისო ჟიურის ჩართულობით დაჯილდოებას გავაკეთებთ”, - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში”.

BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას, ბიზნესმენმა ევრაზიის კონტინენტზე La Gazzetta Dello Sport-ის გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემდეგ, იტალიური გამოცემა უზბეკეთის და რუმინეთის ბაზრებზე შედის და ამ ბაზრებზე პროცესების მმართველი, სწორედ ქართული კომპანია იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ La Gazzetta Dello Sport-ი საქართველოდან რეგიონში გავშალეთ. ცოტა ხნის წინ, სამუშაო შეხვედრებით უზბეკეთში და რუმინეთში ვიმყოფებოდი და შემიძლია განვაცხადო, რომ წლის ბოლოს La Gazzetta Dello Sport-ი ამ ორ ქვეყანაში გაეშვება და ეს პროცესი საქართველოდან წარიმართება, რაც სპორტული მედიის ინდუსტრიაში საქართველოს როლს რამდენიმეჯერ წინ წასწევს. თავად ის ფაქტი, რომ La Gazzetta Dello Sport-ის 120-წლიან ისტორიაში ფრენჩაიზი არავისთვის მიუცია საქართველოს გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესის ევრაზიაში გაშლა კი, გლობალური სპორტის მიმართულებაში საქართველოს როლს უსვამს ხაზს”, - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში”.

როგორც ჩანს, SMH Global-ი აქ არ ჩერდება, რადგან, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა BMG-ის გადაცემაში განაცხადა, ქართული ჯგუფი ქვეყანაში სპორტული ლიტერატურის მიმართულების განვითარებასაც გეგმავს.

“წიგნი, რომელსაც გამოვცემთ “დედა და ილია” ჰქვია და ის ილია თოფურიას დედას და მის ოჯახს უკავშირდება. ამ წიგნის ავტორი არის გიორგი კეკელიძე და ის ჩვენი დიდი ძალისხმევით და ბევრი ადამიანის და კომპანიის დახმარებით შედგა. დღეს, ილია თოფურია ვარსკვლავია, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა დგას ამ დიდი წარმატების უკან. სულ მალე, UFC-ში დებიუტი ექნება ილიას ძმასაც და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საჩემპიონო ქამარს ალექსანდრეც მოუტანს. ამ ყველაფრის უკან დგას ოჯახის ძალიან რთული გზა, რომელიც ამ წიგნში არის გადმოცემული. ეს წიგნი მოტივაციის წყარო იქნება ყველა გოგოსთვის და ქალისთვის, რომ არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი, რადგან შრომით და თავდაჯერებით ყველაფერი არის შესაძლებელი.

SMH Global-ისთვის ეს პირველი წიგნი არ არის, რადგან მანამდე, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაბეჭდილი წიგნის მხარდამჭერებიც ვიყავით. საქართველოში სპორტული ლიტერატურის შექმნას მხარს მომავალშიც დავუჭერთ, რადგან ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები