“რეალურად, მობილური მოწყობილობების გამოყენების მაჩვენებელი 60%-ზე მაღალია”, - ამის შესახებ TECH INFORM-ში Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ლევან გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სტრიმინგ-პლატფორმის გამოყენების ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ არჩევანის თავისუფლებითაა განპირობებული, რომელსაც კომპანია მაყურებელს სთავაზობს.
“ერთ-ერთი დამატებითი ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ - არჩევანის თავისუფლებაა, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, როგორც კონტენტის, ასევე იმ მოწყობილობების არჩევის მხრივ, რომლებზეც მაყურებელი კონკრეტულ კონტენტს მოიხმარს. არჩევანის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ამ ინდუსტრიაში არსებობს შინამეურნეობის (ინგლ. “household”) ცნება. თითოეულ შინამეურნეობაში ან ოჯახში, ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და ინტერესები აქვთ. შესაბამისად, როცა რომელიმე ქვეყანაში, ოჯახში, სტატისტიკურად, სამი ან ოთხი ადამიანი ცხოვრობს, ინტერესები იყოფა. ამ ინტერესებისთვის რომ გვეპასუხა, ჯერ აპლიკაცია შევქმენით, შემდეგ კი ამ აპლიკაციაში კონტენტის მრავალფეროვნება გავაჩინეთ, რომლის მოხმარება მაყურებელს სურვილისამებრ შეუძლია, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერში”, - აღნიშნავს ლევან გვარამია TECH INFORM-ში სტუმრობისას.
BMGTV-ის "ტექნოლოგიურ გადაცემაში" სტუმრობისას, ლევან გვარამიამ Setanta Sports-ის მომხმარებელთა გემოვნებაზე და ინტერესებზეც ისაუბრა.
“საქართველო ძალიან ეკლექტურია, რაზედაც ჩვენი პორტფელიც მეტყველებს. ის კონტენტი, რომელიც საქართველოში არის ხელმისაწვდომი, სწორედ იმ ინტერესს ეფუძნება, რომელიც ქვეყანაში სპორტის სახეობების მიმართ არსებობს. ბოლო დროს, მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ინტერესი, როგორც Formula 1-ის, ასევე UFC-ისა და კალათბურთის მიმართ. ფეხბურთი ისედაც ცხადია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ხვიჩას ეფექტის” გათვალისწინებით ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა”, - განაცხადა ლევან გვარამიამ და აღნიშნა, რომ ამასთან, საქართველოში დიდ როლს ასრულებს ადგილობრივი გმირების კონცეფცია, რომლის გამოც სპორტის ყურება ბევრმა ადამიანმა დაიწყო.