2024 წელს "დელტამ" 91 ლოკაციიდან 4 894 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა.
ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომლითაც "დელტა" დამატებით 2 500 რაკეტის შეძენას ითხოვს და მიზეზად გაუარესებულ მეტეოროლოგიურ სიტუაციას ასახელებს, რის გამოც, აუცილებლად მიიჩნევს დამატებით 2 500 რაკეტის ყიდვას. შესყიდვის ღირებულება 850 000 ევროა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტს 2024 წლის სეზონის დასაწყისში მარაგში 7000 ცალი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჰქონდა.
"ამჟამად მარაგში დარჩენილია 3800 რაკეტა საიდანაც 2000 გადანაწილებულია 91 სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარში. გაცნობებთ, რომ აქტიური ზემოქმედება ინტენსიურად გრძელდება, გამომდინარე აქედან სეტყვის საწინააღმდეგო დეპარტამენტს სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებით სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შეძენა და მოწოდება.
ასევე მოგახსენებთ, რომ არ არსებობს სეტყვასაშიში პროცესების გრძელვადიანი პროგნოზის დადგენის ზუსტი მეთოდი. ვინაიდან სეტყვის სეზონი გრძელდება 2024 წლის 1 ნოემბრამდე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მინიმუმ 2500 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შეძენა, ნაშთის არსებობის შემთხვევაში დარჩენილი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები დასაწყობდება 2025 წლის სეზონისთვის", - წერს სააგენტო.