მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეუ 89-ე სკოლის ადგილას ახალ სკოლას ააშენებს - მთავრობამ უნივერსიტეტს პრივატიზების პირობები შეუცვალა

სეუ

საქართველოს მთავრობამ შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუსთვის“ ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობებში ცვლილებები შეიტანა. ირაკლი კობახიძის მიერ 2026 წლის 12 მარტს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, უნივერსიტეტს რამდენიმე ახალი ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის საჯარო სკოლის მშენებლობა და ინვესტიციების განხორციელება.

განკარგულების მიხედვით, უნივერსიტეტმა 2030 წლის 31 დეკემბრამდე პრივატიზებული უძრავი ქონების განვითარების მიზნით არანაკლებ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი თბილისის 89-ე საჯარო სკოლას ეხება, სეუ-მ ქეთევან დედოფლის გამზირის №40-ში მდებარე №89 საჯარო სკოლის ამორტიზებული შენობების დემონტაჟი და მის ნაცვლად, არანაკლებ 5 000 კვ/მ ფართობის ახალი სკოლის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

განკარგულების მიხედვით, პროექტი მოიცავს შენობის სრულად გარემონტებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას და ექსპლუატაციაში მიღებას. სკოლის მშენებლობისთვის უნივერსიტეტმა მინიმუმ 5 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.

სანამ ახალი სკოლა აშენდება, „სეუ“ ვალდებულია №89 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ დაუთმოს ფართები მის საკუთრებაში არსებულ შენობებში: წინანდლის ქ. №9-ში: მე-4, მე-5 და მე-6 სართულების ნაწილი (ჯამში დაახლოებით 1 300 კვ/მ) და წინანდლის ქ. №17-ში: მე-5 სართულის ნაწილი (449 კვ/მ).

ამ პერიოდის განმავლობაში სკოლის კომუნალურ ხარჯებს სრულად უნივერსიტეტი დაფარავს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტმა სკოლის საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში უნდა წარადგინოს, ხოლო თავად მშენებლობა 36 თვეში (3 წელში) უნდა დაასრულოს.

ვალდებულებების შესრულების გარანტიად „სეუმ“ უნდა წარადგინოს 1 200 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში 2031 წლის 30 აპრილამდე იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობა განკარგულებებს არ აქვეყნებდა. შესაბამისად, უცნობია, რა პირობებით იყო გამოცემული პირვანდელი განკარგულება. ირაკლი კობახიძემ გაპრემიერების შემდეგ, არაერთხელ დადო პირობა, რომ "დრო სჭირდება და დოკუმენტები გამოქვეყნდება", მაგრამ პროცესი არ დაწყებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები