მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეულში ქართული ღვინო 15-მდე მეწარმემ წარადგინა - ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართული ღვინის წარდგენა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.

ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის წარდგენა სეულში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით გაიმართა. Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.

„აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მესამედ ჩატარდა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა. წელს 8 თვეში ამ მიმართულებით მხოლოდ 241 ათასი დოლარის ღირებულების 54 ტონა ღვინო გავიტანეთ, რაც მოცულობით გასულ წლის ექსპორტს მცირედით 9 ტონით, ხოლო ღირებულება 8 ათასი დოლარით შემცირდა.

იანვარ-აგვისტოში საქართველომ 67 604 ტონა ღვინის ექსპორტით 196 მილიონ 612 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები