მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სეზონი კატასტროფული იყო... მსგავსი რამ შავი ზღვისპირეთს 2008 წლის ომის შემდეგ არ ახსოვს“ - კოლხიდა

სასტუმრო კოლხიდა

სასტუმრო „კოლხიდას“ დამფუძნებლის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, გასული ზაფხული 2008 წლის შემდეგ ყველაზე უარესი იყო. მიზეზებს შორის, უმნიშვნელოვანესს ფაქტორად სასტუმროს ხელმძღვანელი გაძვირებული სერვისს ასახელებს, რამაც დამსვენებლების დიდი ნაწილის სხვა საკურორტო ქალაქებში წასვლა განაპირობა.

ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, რომ ბიზნესს ფასების ზრდა ერთი მხრივ მოკლე სეზონიდან, მეორე მხრივ კი ოპერირებისთვის საჭირო ხარჯების გაზრდის გამო უწევს. საკითხზე ხათუნა ლაგაზიძემ "საქმიანი დილაში“ ისაუბრა. 

„სეზონი იყო კატასტროფული, მსგავსი რამ არ ახსოვს შავი ზღვისპირეთს ალბათ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შემოსავლების კლების თვალსაზრისით მე შემიძლია შევადარო 2008 წლის ომის დროინდელ ვითარებას. არც მანამდე და არც მას შემდეგ, მათ შორის არც კოვიდის პერიოდში, მსგავსი კატასტროფული სურათი არ ყოფილა შავ ზღვაზე. ეს აისახა მთლიანად ტურისტულ სექტორზე, სასტუმროებზე, მაღაზიებზე, რესტორნებზე, უამრავი ადამიანის შემოსავლებზე, საბანკო კრედიტებზე რომელსაც  უმეტესი ნაწილი ვერ გადაიხდის.

ვაღიარებ, რომ ჩვენთან ფასები მაღალია, იმიტომ რომ მოკლე სეზონია. ბიზნესი ცდილობს 1-2თვეში ამოიღოს ის, რასაც სხვები 4-5 თვეში იღებენ. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ბევრს ეგონა რუსების შემოსვლით სამოთხე აშენდებოდა, პირიქით მოხდა. დაიბუდეს, სახლები იყიდეს და იქირავეს, მათი დიდი ნაწილი ტურისტებად არ ჩამოსულა. არც რესტორნებში ყოფილა ბუმი, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი მაცხოვრებლები გახდნენ და სახლში გადავიდნენ პელმენზე და ბორშზე. და მთავარი, რამაც ნეგატიური ეკონომიკური გავლენა მოახდინა, არის არანორმალურად გაზრდილი ფასები. არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფასების ზრდამ, ხელფასების ზრდამ, განაპირობა სერვისის ფასის ზრდა, ეს ყველაფერი აისახა მომხმარებლის რაოდენობაზე. ხელისუფლებამ ეს უნდა გააანალიზოს კერძო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციაში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, პროგნოზი დადოს რა გველის მომავალ წელს და რით შეიძლება ამ ფასების შემცირება და სერვისის მისადაგება ისე, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი საერთოდ არ ჩამოიქცეს. მით უფრო, რომ ამას ასევე ემატება ბუნებრივი კატაკლიზმები, რასაც უცხოელები უყურებენ“, -  განაცხადა ლაგაზიძემ.

ტურიზმის დარგის წარმომადგენელი შესაბამისს უწყებებს წლევანდელი სეზონის ჩავარდნის მიზეზებზე კვლევის ჩატარებისკენ და სამომავლო სტრატეგიის შექმნისკენ მოუწოდა.

"გასული წელი იყო განსაკუთრებული მოლოდინების შექმნის წელი, რამდენად დასაბუთებული იყო ეს მოლოდინები, წლევანდელმა შედეგმა აჩვენა. აუცილებლად უნდა ჩატარდეს მასშტაბური კვლევა იმ მიზეზების საკვლევად რატომ მოხდა ეს. აუცილებელია ბიზნესი სამომავლოდ შესაბამისად დაიგეგმოს. მზარდი იქნება თუ არა შავი ზღვის სანაპიროს პოტენციალი, ამას კერძო ბიზნესი თავად ვერ გააანალიზებს და აუცილებელია სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართულობა. „კურორტების მართვის სააგენტო“ კარგად მუშაობს, რასაც ვერ ვიტყვი ტურიზმის დეპარტამენტზე. ასე ლოკალურად ბიზნესებთან შეხება ადმინისტრაციას რატომღაც არ აქვს.

ძალიან მარტივია ყველაფერი მივაწეროთ კახოვკის კაშხლის აფეთქებას, რომელმაც ინფორმაციული პანიკა გამოიწვია როგორც ადგილობრივი, ისე სამეზობლო და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაგრამ ვფიქრობ, სხვა ტენდენციაც არის საკვლევი, მაგალითად ის, რომ გაიხსნა საზღვრები და საზღვარგარეთის კურორტები გაცილებით დაბალ ფასად, ზოგ შემთხვევაში ნახევარ ფასადაც სთავაზობენ მათ შორის ჩვენს მომხმარებლებს იგივე სერვისებს. ეს თუ შემდეგ წლებში იქნება მზარდი, ხელისუფლებამ ამაზე ღიად უნდა ილაპარაკოს, იმიტომ, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ შეიქმნას, რაც დიდი სესხების და შემდეგ გაკოტრებაში ითარგმნება", - განმარტა ლაგაზიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები