მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს

იურგენ კლოპი

გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც პრემიერ ლიგის კლუბ “ლივერპულს” 2015 წლიდან წვრთნის, სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. კლოპის განცხადებით, მას კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამუშაო ენერგია აღარ აქვს და მუდმივი მუშაობა აღარ შეუძლია:

„ეს ბევრისთვის შოკის მომგვრელია, მაგრამ შემიძლია აგიხსნათ. ამ კლუბთან დაკავშირებით ყველაფერი მიყვარს: ქალაქი, ქომაგები, გუნდი, კლუბის პერსონალი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც წასვლა გადავწყვიტე, რაც ნათელს ხდის, რომ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ენერგია აღარ მაქვს. ვიცოდი, რომ ამის გამოცხადება ადრე თუ გვიან მომიწევდა. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მუდმივი მუშაობა არ შემიძლია. ამ წლებში ამ კლუბისადმი პატივისცემა და სიყვარული გაიზარდა. მხოლოდ სიმართლესთან ვარ ვალში", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

ამ დროისთვის “ლივერპული” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, პარალელურად ინგლისის ლიგის თასის ფინალში იმყოფება და ევროპა ლიგაზეც წარმატებულად ასპარეზობს.

იურგენ კლოპმა ლივერპული 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაიბარა, რის შემდეგაც “მერსისაიდელებმა” 466 მატჩიდან 283 მოიგეს, 105-ჯერ ფრე ითამაშეს და 78 წააგეს. კლოპმა ლივერპულს 2020 წელს 30 წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგა მოაგებინა, გარდა ამისა, კლოპთან ერთად “ლივერპულმა” 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2022 წელს ასოციაციისა და ლიგის თასი. იურგენ კლოპი “ლივერპულამდე” ორ გერმანულ კლუბს “მაინცსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” წვრთნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები