მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სფერო ჰოლდინგის" საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს - დაზარალებულია 450-ზე მეტი პირი

სოფიკო პეტრიაშვილი

განახლება: პეტრიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის პროკურატურამ შპს „სფერო ჰოლდინგისა“ და „სფერო ინვესტის“ სახელით მოქმედი ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, სოფიკო პეტრიაშვილს წარუდგინა ბრალდება. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება მასშტაბურ თაღლითურ სქემას, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ჯამში 29 მილიონ ლარზე მეტი გამოსძალეს.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, იგი კომპანიის დამფუძნებელთან, გივი წულეისკირთან და დირექტორ გიორგი მურუსიძესთან ერთად მოქმედებდა.

გამოძიების ვერსიით, პეტრიაშვილის ფუნქცია ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათი დარწმუნება და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვა იყო.

გამოძიების მიხედვით, ფიზიკური პირებისგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს ახალი იურიდიული პირი – შპს „სფერო ინვესტი“. კომპანიის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. შეთანხმების შესაბამისად, ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოფიკო პეტრიაშვილიც.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ბრალდებულებმა „სფერო ინვესტის“ სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს როგორც უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, ასევე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული სქემის ფარგლებში მოქალაქეები კომპანიის საბანკო ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიას უნდა უზრუნველეყო ქირის გადახდა, ყოველთვიური სარგებლის გაცემა და ვადის გასვლის შემდეგ თანხების სრულად დაბრუნება, რაც არ განხორციელდა.

გამოძიების ინფორმაციით, შედეგად ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ხოლო საერთო ჯამში 450 მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხები ჩაარიცხინეს კომპანიის ანგარიშზე. ბრალდებულებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ 29 მილიონ ლარზე მეტ თანხას.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გივი წულეისკირსა და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი, და მიმდინარეობს მისი ექსტრადიციის პროცედურები.

გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ მოტყუებული სხვა პირების დადგენა, რის გამოც დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი.

წულეისკირი პატიმრობაში საქართველოში იმყოფება, მურუსიძე კი მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები