მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სფეროები, სადაც თემურ ჭყონია წალენჯიხაში ინვესტირებას გეგმავს

6183f29b788f1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 18:53
25298
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ სფეროებს ასახელებს, სადაც წალენჯიხაში ინვესტირებას გეგმავს. ამ საკითხზე მან BM.GE-სთან ისაუბრა.

სპორტი, განათლება, ინფრასტრუქტურა - სწორედ ეს სფეროები აინტერესებს ბიზნესმენს. ის აცხადებს, რომ ამ სექტორებში მას გამოცდილებაც აქვს და მისი დაინტერესებაც აქედან მომდინარეობს.

„მაქვს ბავშვთა სპორტის განვითარების გამოცდილება. ხშირად მესმის ქილიკი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წალენჯიხას არ ჰქონია სტადიონი და აქედანვე ვეუბნები წალენჯიხის მერს, რომ ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს; გარდა ამისა ვუპოვი მწვრთნელს და მე როგორც მიყვარს ისეთ მაღალ დონეზე დავაორგანიზებ ამ თემას. ვფიქრობ, სკოლების მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვას.

არ ვაპირებ ჩავიდე და ჩემი რეკლამა გავაკეთო. მართლა მაინტერესებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ერთადერთი ოპოზიციონერი მერია, რომელმაც არჩევნები მოიგო, წარმოგიდგენიათ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება ამის გარშემო სპეკულანტური განცხადებები იყოს. წესიერი ადამიანები მივდივართ, რომ წესიერ ადამიანს დავუდგეთ გვერდში იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც შესაძლოა გადამდები იყოს იმ მერებისთვის, ვისაც უნდათ რაიმეს გაკეთება, მაგრამ მაგალითი არ აქვთ. ამის პრეტენზია მაქვს და ვფიქრობ, რომ გამომივა.

მხოლოდ იმ სფეროებს შევეხები, რაც კარგად ვიცი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განათლებაში ინვესტირება, სტუდენტების და ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება წალენჯიხაში დაბრუნების პირობით და ეს შეიძლება შეეხებოდეს ქალაქის ინტერიერის ცვლილებას. ეს არ მოხდება ვინმეს ჯიბრზე, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მერებთან პროექტების შეტანის, რომელიც არასდროს ხორციელდებოდა, რადგან უამრავი შეთანხმებაა საჭირო და ბიუროკრატიული იერარქია შესაძლებლობას უკარგავს ადამიანს რომ მიიღოს გადაწყვეტილება. კოკა-კოლა როგორც თავისუფლებისა და ტექნოლოგიების სიმბოლო... მისია მაქვს შესასრულებელი - ჩემი თავიც მინდა გამოვცადო და ხელით მინდა შევეხო თვითმმართველ მერს, მართლა თვითმმართველია თუ ანტურაჟი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

BM.GE-სთან საუბრისას მან ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც წალენჯიხაში ჩასვლით, ოპოზიციონერი მერის გაცნობით და მუნიციპალიტეტში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდა.

„დარწმუნებული ვარ ხალხმა, რომელმაც აირჩია ასეთი გზა დღევანდელ სიტუაციაში, იმაზე უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს და მინდა ამ ღირსეულ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო.

საქართველოში როგორც ვიცი 65 მერია, პირადად მე კახა კალაძეს ვიცნობდი და ახლა გავიცანი მეორე - წალენჯიხის მერი. დანარჩენ მერებს საქართველოში არავინ იცნობს, ერთადერთი გზა რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მერები გაიცნონ, პატივი სცენ და ჩვენც გადავყვეთ თავისუფალი მოქმედებაა, რადგან თუ არ იქნები თავისუფლები შეუძლებელია იყო წარმატებული.

წალენჯიხის მერით დავინტერესდი რადგან არაჩვეულებრივი გამოსვლები აქვს, სპორტსმენია, კრეატიულია და მეც მიყვარს სპორტთან კავშირში, რომ არის ადამიანი. მიყვარს, რომ თავისუფლების მოყვარულია და ეს არ ნიშნავს, ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები