მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შაბათ-კვირას შეზღუდვის მოხსნით დაახლოებით 15 ობიექტს ავამოქმედებთ“ - Villa Dzara Capital

60a27dcb11367
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 23:15
1142
სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანია Villa Dzara Capital-ის დამფუძნებელი, რომელიც კვების ობიექტებს „მაჭახელას“, „სამიკიტნოს“, „თაღლაურას“, „ხინკლის ქარხანას“, „ფიორინოს“ და Billy Burke’s Irish Pub-ს დასახელებებით მართავს, მთავრობის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას შაბათ-კვირას ღია სივრცეების ოპერირების დაშვებასთან და კომენდანტის ორი საათით გადაწევასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

BM.GE-სთან საუბრისას ვანო სტურუა აღნიშნავს, რომ ჯგუფში ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა არა ახლა, არამედ თვის ბოლოს.

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ობიექტების გახსნას დავიწყებთ, რომელიც დაკეტილი გვქონდა. დაახლოებით 15 ობიექტს გავხსნით. ზოგიერთი ობიექტი მიტანის სერვისზე მუშაობდა, ზოგი გახსნილი იყო. თუმცა შაბათ-კვირის შეზღუდვების გამო ბევრი მათგანის გახსნას აზრი არ ჰქონდა. ახლა რადგან დაიშვა შაბათ-კვირა, გვაქვს საშუალება, რომ გავხსნათ ზოგიერთი მათგანი, ხოლო იმ ობიექტებზე, სადაც გარე სივრცე არ გვაქვს, შეზღუდვის სრულად მოხსნას დაველოდოთ“, - აღნიშნა ვანო სტურუამ.

კომპანიის დამფუძნებელი პანდემიისგან მიყენებულ ზარალზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ ჯგუფს პანდემიამდე 30 კვების ობიექტის, კრიზისის პერიოდში კი 5-6 ობიექტის სრულად დახურვა მოუწიათ.

„დღემდე მოქმედი ობიექტები მთლიანად ზარალზე მუშაობდნენ. ოპერირებას მხოლოდ იმიტომ არ ვწყვეტდით, რომ კადრები შეგვენარჩუნებინა და სისტემა არ დაშლილიყო. ობიექტების შენარჩუნება ფინანსურად ბანკის დახმარებით შევძელით. ვფიქრობთ, რომ არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ამის შემდეგაც გვექნება, თუმცა მივიჩნევ, რომ მდგომარეობა მცირედით გამოსწორდება. ხალხში პანდემიის გამო, არის რესტორნებში სიარულის შიში და მეორე ნაწილი არის ფინანსური პრობლემები. ჩვენი რესტორნები ძირითადად საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, რომელსაც ფინანსურად გაუჭირდათ, შესაბამისად ეს ჩვენზეც აისახება“, - განმარტავს Villa Dzara Capital-ის დამფუძნებელი და დასძენს, რომ მათ რესტორნებში ფასები მცირედით დაახლოებით 3-4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ლარის გაუფასურების გათვალისწინებით, რეალურად 30-40%-ით უნდა გაეზარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები