"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა.
შეხვედრაზე პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის ღირებული მონაწილეობისთვის.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობები.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. პაპუაშვილი მიესალმა ბულგარეთის მონაწილეობას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში.
"საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის მნიშვნელობას ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ბულგარეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას უკავშირდება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























